გადაარჩინეთ პაციენტის სიცოცხლე და თქვენც გაგიჩნდებათ გადარჩენის და რეაბილიტაციის შანსი – ნანა გეგეჭკორი ექიმებს

გადაარჩინეთ პაციენტის სიცოცხლე და თქვენც გაგიჩნდებათ გადარჩენის და რეაბილიტაციის შანსი… – მიმართვას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმებასთან დაკავშირებით, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ავრცელებს და კოლეგებს მიმართავს:

“ციხის ექიმებმა უნდა გამოიჩინონ პროფესიული პატიოსნება, თუ ცხადია ასეთი გააჩნიათ, და ღიად განაცხადონ პაციენტის მდგომარეობის შესახებ. მათ უკვე დაუშვეს მნიშვნელოვანი შეცდომებიც და ნაწილმა ჩაიდინა დანაშაულიც, ასე რომ კანონით პასუხისმგებლობას ვერანაირი გამოსავლით ვერ აცდებიან.

პროფესიული მოვალეობის, ამ ეტაპზე მაინც, პატიოსნად შესრულება ოდნავ შეუმსუბუქებთ დანაშაულის მორალურ მხარეს.

კარგად დაფიქრდით კოლეგებო და გადახედეთ ანალოგიურ მაგალითებს ოლიგარქიულ-ავტორიტარულ ქვეყნებში.

დამკვეთები არასდროს კისრულობენ პასუხისმგებლობას. ისინი ყიდულობენ თქვენს სინდისს და სხეულს იმისთვის რომ შავი საქმეც და პასუხისმგებლობაც თქვენ აგკიდონ.

მაგნიცკის სიაში პუტინი არ არის, შემსრულებლები არიან მხოლოდ.

შემსრულებლების, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელ ნაწილს, როგორც წესი, ფიზიკურად უსწორდებიან ხოლმე დიქტატორები.

გადაარჩინეთ პაციენტის სიცოცხლე და თქვენც გაგიჩნდებათ გადარჩენის და რეაბილიტაციის შანსი…

P.S. ვისაც კითხვები აქვს საექიმო დანაშაულთან დაკავშირებით იხილეთ წინა პოსტები იძულებით მკურნალობაზე, პაციენტის მიმართ გულგრილობაზე და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობაზე” წერს ნანა გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, დაახლოებით 1 საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის საავადმყოფოში გონება დაკარგა. სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია პენიტენციურმა და ამტკიცებს, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share