1-ლი დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, კოვიდპასპორტის არმქონე პირის დაწესებულებაში შეშვების გამო, ინდმეწარმე 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.
„დარღვევის აღმოჩენისას დაჯარიმდება მხოლოდ ობიექტი, ხოლო კოვიდპასპორტის არმქონე მოქალაქეს ასეთ შემთხვევაში ჯარიმა არ დაეკისრება.
შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს. ეს იქნება გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2000 ათასლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. ეს რეგულაციები 1-ელი დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს ეს უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა.
შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას,“- განაცხადა ბექა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.