ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით პარიზში FreeGeorgia-ს აქტივისტებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს და ბანერი წარწერით „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ ქალაქის ღირშესანიშნაობებთან გაშალეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პერფორმანსის ერთ-ერთი მიზანია საფრანგეთის ყურადღების მიქცევა და საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესებში დახმარება.
ამავე წარწერით აქციის მონაწილეებმა პარიზში პოსტერებიც გააკრეს:
„FreeGeorgia ს აქტივისტებმა ვარდების რევოლუციის აღსანიშნავად ბანერი გაშალეს, აფიშები გააკრეს პარიზის სხვადასხვა ცნობილ ადგილებზე. ამით კიდევ ერთხელ მოითხოვეს სააკაშვილის განთავისუფლება. ამ პერფორმანსის ერთ-ერთი მიზანია საფრანგეთის ყურადღების მიქცევა საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესებში დახმარება.
FreeGeorgia დაარსდა პარიზში ბოლოს განვითარებული მოვლენების საფუძველზე. გაერთიანებულია ორგანიზაციები “საფრანგეთიდან დანახული საქართველო” , “პარიზი თბილისის კომიტეტი” და სხვა მოწალაქეები. ეს ორგანიზაცია გამოირჩევა მრავალპარტიული ამომრჩევლების გაერთიანებით“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამარა დემურია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.
შიმშილობის 49 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.