ბენდუქიძეს სწერდნენ „პატარა საკანში იქნები, დაბანის საშუალება არ გექნება, იქნები ისეთ დიეტაზე, რომ კუჭი გაგიხმება“ – რაღაც საოცრებებს უყვებოდნენ, კახა ბენდუქიძე ამათ მოკლეს თავისი ბრალდებებით,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „გენიალურ ქართველ რეფორმატორს“ საკუთარი უნივერსიტეტიდან ფულის გაფლანგვას ედავებოდნენ, რასაც ბენდუქიძე ძალიან განიცდიდა.
„მე კარგად მესმის კახა ბენდუქიძის, რომელსაც შევხვდი მის სიკვდილამდე ორი დღით ადრე ბრიუსელში და რომელიც ძალიან ნერვიულობდა, იმიტომ, რომ მასზე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე საკუთარი უნივერსიტეტიდან თანხის გაფლანგვაზე. კახა მოკლეს ამათმა! კახა ბენდუქიძეს, გენიალურ ქართველ რეფორმატორს, იმ დღიდან, როცა შევხვდი, სამ დღეში ნიშნავდნენ უკრაინის ეკონომიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად. ამისთვის ჩავედი მე, რომ ეს მეთქვა. ის არ იღებდა ჩემს ტელეფონს ერთი დღე, მივედი აეროპორტში, აღარ ჩამოვიდა და მერე ნიუსებში დაიდო, რომ კახა ბენდუქიძე აღარ არის. ამათ მოკლეს თავისი ბრალდებებით და უგზავნიდნენ იცით რას?!- „პატარა საკანში იქნები, დაბანის საშუალება არ გექნება, იქნები ისეთ დიეტაზე, რომ კუჭი გაგიხმება“, რაღაც საოცრებებს უყვებოდნენ. მე ძალიან კარგად ვიცი, სად იხარშება ეს სისულელეები, რომელ შუშის სასახლეში, რომ მიაწოდონ მერე ადამიანებს. მე ზუსტად ვიცი, რატომ წავიდა კახა დროზე ადრე ამ ქვეყნიდან. როცა ლაპარაკობთ, სხვათა შორის, ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობაზე, ია კერზაიას მკვლელობაზე, არ დაგვავიწყდეს კახა ბენდუქიძის მკვლელობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.