სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოში, საკრებულოს დეპუტატ, შალვა თავდიშვილის პოლიციელის მიერ ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
თავდიშვილის მტკიცებით, შსს გურიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მას, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, დარბაზში გამოეცხადა, მის კოლეგად გაეცნო და ამტყდარი დავიდარაბის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ფიზიკური ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანი იმდენად მძიმეა, რომ მიუხედავად რამდენიმე დღის გასვლისა, თავდიშვილს დაზიანებები დღესაც ეტყობა.
დეპუტატს პოლიციის მაღალჩინოსანმა რამდენჯერმე დაარტყა ფეხის, წელისა და ბარძაყის არეში, შემდეგ კი ცდილობდა საკრებულოს დარბაზიდან გამომავალ კარებზე თავი რამდენჯერმე დაერტყმევინებინა.
ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა პოლიცია საკრებულოში შემოვარდა და დაპირისპირებულ მხარეებს – “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის-მიმდინარე ცხარე დებატებში ჩაერია და მისი განმუხტვის მიზნით ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით მჟავანაძე დააკავა და მისი დარბაზიდან გაყვანას ცდილობდა.
ხვალ თავდიშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნით სამხარაულის ექსპერტიზის ბათუმის ბიუროში გამოკვლევის მიზნით გადაიყვანენ.