სულ რამოდენიმე დღის წინ იტალიელი მისიონერის დონ ქრისტეფორე დი კასტელის მოგზაურობის წიგნს ვკითხულობდი, ეს წიგნი აღსანიშნავია იმითაც, რომ კასტელის მიერ გაკეთებული ჩანახატებია წარმოდგენილი. წიგნში ერთ ჩანახატს გადავაწყდი, რომლის სახელმაც ძალიან დამაინტერესა. კასტელს ჩანახატი აქვს მისიონერების სახლი, რომელიც მდებარეობდა გურიის სოფელ ,, რეკული“ -ში. ჩანახატი თარიღდება 1640 წლით.
სოფლის სახელწოდებამ, რომელსაც კასტელი ახსენებს ,, რეკული“ საგრძნობლად დამაფიქრა სოფელ ლიხაურის სახელმწოდებაზე.
ლიხაურის პირვანდელი სახელი იყო ,, რეხუელი“ , ამ სახელწოდების შესახებ ლიხაურის ეკლესიის სამრეკვლოს წარწერიდან ვიგებთ, წარწერა შემდეგი შინაარსისაა ,, “ქორონიკონსა 110 (=1422) ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო რეხუელისაო შეიწყალე გიორგი გურიელი და დედოფალი ელენე ამინ და კირილეისონ”. სწორედ 1422 წლით დათარიღებული წარწერიდან ვიგებთ, რომ ლიხაურს ძველად ,, რეხუელი“ ეწოდებოდა.
დონ ქროსტეფორე კასტელის მიერ გაკეთებული ჩანახატი, სადაც გვხვდება სოფლის სახელი ,, რეკული“ დათარიღებულია 1640 წლით. ანუ სამრეკვლოს წარწერიდან ორი საუკუნის შემდეგ. სამრეკვლოს წარწერაში მოხსენიებული სახელი ,, რეხუელი“ და კასტელის ჩანახატში მოხსენიებული სოფლის სახელი ,, რეკული“ საგრძნობლად ჰგავს ერთმანეთს. ამასთანავე თუ ამოვიღებთ ასო ე-ს და ისე შევადარებთ სახელებს, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ, სრულიად იდენტურ სახელებს ,, რეხული“ და ,, რეკული“. ამ ორი სახელის მსგავსების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კასტელის მიერ ნახსენები ,, რეკული“ სოფელი ,, რეხუელია“, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გურიაში დღეს ასეთი სოფელი სახელწოდებით ,, რეკული“ არ გვაქვს.
კასტელის ჩანახატში არსებული სოფლის სახელის ,,რეკული“ სოფელ ლიხაურის ძველ სახელთან შედარებით ვასკვნით, რომ ეს ერთი და იგივე სოფლებია.
XVIII საუკუნეში სოფელ ლიხაურს იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში ,, აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ბატონიშვილი ვახუშტი გვეუბნება ,,ამ მდინარისა და შემოქმედს შუა არს ც ი ხ ე ლ ე ხ ე უ რ ი ს ა“ . როგორც ვხედავთ სოფელ ლიხაურის პირვანდელმა სახელწოდებამ ,, რეხუელი“ (XV საუკუნე), განიცადა ტრანსფორმაცია და XVIII საუკუნეში მივიღეთ ,, ლეხეური“ საიდანაც, შემდგომში წარმოიშვა ახლანდელი სახელი ლიხაური.
ფოტოზე ხედავთ ქრისტეფორე კასტელის ჩანახატს ,, მისიონერების სახლი გურიის სოფელ რეკულში“ 1640 წ. კატელის მიერ დასახელებული სოფელი ,, რეკული“ და სოფელ ლიხაურის XV საუკუნის სახელწოდების ,, რეხუელი“ მსგავსების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ერთი და იგივე სოფლიებია, ასევე ამის განსამტკიცებლად გვეხმარება, ლიხაურის ისტორიული მნიშვნელობა და მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა.