“ მე ვერ ვხედავ კრიზისს, სად ხედავთ კრიზისს?” – ასე უპასუხა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრიდან გამოსულმა ბიზნესმენმა გიორგი ჩხეიძემ, რომლის კომპანიას სახელმწიფო სუბსიდიის ფარგლებში 8 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
გიორგი ჩხეიძე გამონაკლისი არ არის. იმ ბიზნესმენთა კომპანიები, რომლებიც 4 ივლისს გამართულის მსგავს სამთავრობო შეხვედრებს ხშირად ესწრებიან, ამავდროულად სახელმწიფო სუბსიდიების ბენეფიციარებიც არიან და ჯამში მილიონობით ლარის ღირებულების ტენდერებს იგებენ.
ქვევით შეიტყობთ, თუ ვინ არიან ბიზნესმენები, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდამჭერი გზავნილებით გამოირჩევიან და როგორ უფასდებათ ლოიალობა.
ქვემო წარმოდგენილი ბიზნესმენები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სხვებისგან, თავისი განცხადებებით.
ზვიად თოიძე – კომპანია “ინსის” გენდირექტორი
ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს: 50 000 ლარი, 2016 წელს
შპს “ინსის” ელ. ტენდერები (2023-2025): 322,277,980 ლარი
გამარტივებული ტენდერები: 126,619,194 ლარი
შპს “ინსი”-ს დირექტორი, ზვიად თოიძე 4 ივლისს ირაკლი კობახიძეს მიერ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. მან შეხვედრამდე ჟურნალისტების მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ “პოლიტიკური ნიშნით დაკავებას არ ვუყურებ”.
შპს “ინსი” სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან გამოჩნდა. მხოლოდ 2023-2025 წლებში კომპანიამ 21 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 9 შემთხვევაში კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. შპს ინსი-მ დროის ამ მონაკვეთში ელ.ტენდერების გზით საერთო ჯამში 322,277,980 ლარი მიიღო ან მიიღებს [რამდენიმე ხელშეკრულება მიმდინარეა].
რაც შეეხება გამარტივებულ ტენდერებს, 2012 წლიდან დღემდე შპს “ინსი”-ს 31 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ჯამურად აღნიშნული ტენდერებიდან მიღებული თანხა 126,619,194 ლარს შეადგენს.
ამასთან ერთად ხაზგასასმელია ისიც, რომ შპს ინსი-ს მოქმედი დირექტორი, ზვიად თოიძე, მმართველი პარტიის შემომწირველიცაა – მან “ქართულ ოცნებას” 2016 წელს 50,000 ლარი შესწირა.
გიორგი ჩხაიძე– კახური ტრადიციული მეღვინეობა
ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს: 240,000 ლარი
სახელმწიფოსგან მიიღო:
სუბსიდია: 8,4 მილიონი ლარი
აგროკრედიტი: 2,8 მილიონი ლარი
ზურაბ ჩხაიძე კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ის ერთ-ერთი მოწინავეა, ვინც მედიასთან ქართული ოცნების ადვოკატირებას არ ერიდება. მიზეზი ნათელია, თუ მისი კომპანიის მიერ სახელმწიფოსგან მიღებულ სუბსიდიებს გადავხედავთ.
- 2023 წელი 1,562,218 ლარი
- 2022 წელი 2,520,562.2 ლარი
- 2021 წელი 4,366,848.50 ლარი
ზურაბ ჩხაიძე მმართველი პარტიის შემომწირველია 2018 წლიდან. მას ჯამში 300,000 ლარის შემოწირულება აქვს გაცემული. აქედან 60,000 ლარი მან სალომე ზურაბიშვილს შეწირა 2018 წელს.
ზაზა გოგოტიშვილი – კომპანია “ანაგის” დამფუძნებელი
“ანაგის” ელ.ტენდერები (2023-2025): 412,552,208 ლარი
გამარტივებული შესყიდვები: 240,642,851 ლარი
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ესწრებოდა ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია “ანაგის” დამფუძნებელი ზაზა გოგოტიშვილიც.
შპს ანაგი სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წელს გამოჩნდა, მას საერთო ჯამში 68 ელ. ტენდერში აქვს მონაწილოება მიღებული. 2023-2025 წლებში კომპანიამ 19 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 10-ში გაიმარჯვა და მასთან 412,552,208 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა [129,346,880 ლარის ოდენობის ხელშეკრულება მიმდინარეა]. 10-დან 6 შემთხვევაში შპს “ანაგის” კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.
ამასთან ერთად, შპს “ანაგი” 2012 წლიდან მონაწილეობს გამარტივებულ შესყიდვებშიც და ჯამურად 69 გამარტივებულ შესყიდვაში 240,642,851 ლარი აქვს მიღებული.
შპს “ანაგი”-ს 100%-იან წილის მმართველობა ზაზა გოგოტიშვილისთვის ნანა აროშიძეს აქვს გადაცემული. ამასთან ერთად, შპს “ანაგი”-ს მოქმედი დირექტორი, ირაკლი გოგოლიშვილი ქართული ოცნების შემომწირველია და პარტიას 2023 და 2024 წლებში 60,000-60,000 ლარი შესწირა. გარდა ირაკლი გოგოლიშვილისა, მმართველი პარტიისთვის 2021, 2023 და 2024 წლებში ჯამში 170,000 ლარი აქვს შეწირული შპს “ანაგი ქონსთრაქშენ”-ის დირექტორს, დავით ანდღულაძეს, ხოლო 2023 წელს 60,000 ლარი აქვს შეწირული შპს “ანაგი ინფრა კონსტრაკშენ”-ის დირექტორს, გიორგი მიხანაშვილს.
შპს “ანაგი ქონსთრაქენ”-ის 100%-იანი წილის მფლობელი ზაზა გოგოტიშვილია და აღნიშნული კომპანია ფლობს შპს “ანაგი ინფრა კონსტრაკშენ”-ის 50%-იან წილს.
შეჯამება
ბიზნესმენები, რომლებიც საჯაროდ მმართველ პარტიას უჭერენ მხარს ან დუმილს ინარჩუნებენ, სახელმწიფოსგან ათეულობით მილიონი ლარის ტენდერებსა და სუბსიდიებს იღებენ. “ფლანგვის დეტექტორის” მიერ შეგროვებული მონაცემებით, კომპანიები, რომლებიც “ქართული ოცნების” დონორებთან არიან დაკავშირებულნი, როგორც ელ.ტენდერების, ისე გამარტივებული შესყიდვების გზით, სახელმწიფო სტრუქტურებთან მილიონობით ლარის ხელშეკრულებებს აფორმებენ.
ტენდერები მხოლოდ ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ეს ბიზნესმენები სარგებლობენ — სხვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერის წყაროა ღვინის სუბსიდიის პროგრამა, რომლის ფარგლებში დახმარებას, მაგალითად, ბიზნესმენი გიორგი ჩხაიძის ღვინის მწარმოებელი კომპანია იღებს.
ცხადია, ზემოთ წარმოდგენილი ფიგურები აიბერგის წვერია. მსგავს შემთხვევებზე დეტალურ ინფორმაციას მომდევნო სტატიებში შემოგთავაზებთ.
flangva.ge