გურიაში ახალი წლის პირველ დილას ძალიან ადრე გათენებამდე იღვიძებდნენ და გაღვიძებისთანავე უნდა ეჭამათ „სამჯობინარი“, რომელიც გახლდათ პურის ან მჭადის მარილიანი ნატეხი. ასევე შეიძლებოდა პირდაპირ მარილის ნატეხის ჭამაც. მხოლოდ „სამჯობინარის“ ჭამის შემდეგ იბანდნენ ხელპირს და იცვამდნენ ტანსაცმელს.
„სამჯობინარის“ ჭამა და ამ წესის შესრულება იწყებოდა ახალი წლის დილიდან და გრძელდებოდა ყოველ დილით გაზაფხულზე გადამფრენი ჩიტები დაბრუნებამდე.
გურულების რწმენით „დაძლევა“ შეუძლო ნებისმიერ ცხოველსა და ფრინველს, მათ შორის თუნდაც ძალიან პატარა ჩიტსაც კი. ასევე ძალიან უფრთხოდნენ პირველ იანვარს დაბადებულ ბავშვს. ვინც სამჯობინარს დროულად არ შეჭამდა იგი ძლეული იქნებოდა და უბედურება ელოდა.
ასე მაგალითად – თუ ვინმე კალანდის დილას „სამჯობინარის“ ჭამამდე გასროლის ხმას გაიგონებდა ეს იმას მოასწავებდა, რომ მას და მის სამჯობინარს გასროლა „დასძლევდა“, ეს კი გურულების წესის მიხედვით ძალზედ ავისმომსწავებელი გახლდათ „ძლეულისათვის“, რადგანაც მას მთელი წელი შემოსავალი არ ექნებოდა და საჯდომზე ნახვრეტებიანი (ნატყვიარის მსგავსი) შარვალით ივლიდა.
მაგალითად თუ ადამიანი სამჯობინარის ჭამადე თხას დაინახავდა ან მის ხმას გაიგონებდა, თვლიდნენ, რომ მას თხა დასძლევდა და იგი მთელი წელი უშედეგოდ და გაუთავებლად ილაყბებდა.
გურულები განსაკუთრებით უფრთხოდნენ ჩიტებისგან „ძლევას“, რადგანაც “ძლეულს” იმ წლის მთელს მოსავალს ჩიტები შეუჭამდნენ. ჩიტებიდან კი განსაკუთრებით უფრთხოდნენ გუგულისა და მოლაღურისაგან „ძლევას“, რადგანაც გუგული ბუდეს არ იკეთებდა და იმ წელს უსახლოდ დარჩებოდნენ, ხოლო მოლაღურის ძლევაც დიდ უბედურებას მიასწავებდა, რადგანაც მის ხმას ამსგავსებდნენ სიტყვებს „შვილო გოგიას“ და ფიქრობდნენ, რომ შვილი მოუკვდებოდათ.
თუ ვინმეს ყველაზე პატარა ჩიტი ჯინჯალა „სძლევდა“ მისი არანაირი საქმე წარმატებით არ დაუსრულდებოდა და მისი ნებისმიერი საქმიანობის შედეგიც ძალიან მცირე ჯინჯალას ოდნა იქნებოდა.
მომზადებულია – ეთნოგრაფ ტარასი მამალაძის ნაშრომის მიხედვით (1893 წელი)
ნახტი – ელენე ახვლედიანი „ლიხაური“ (1961 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.