ტურიზმის ადმინისტრაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების “მწვანე პასპორტებთან” დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც არ არის რეგისტრირებული www.covidpass.moh.gov.ge ან CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში, ობიექტზე დაშვება შესაძლებელია სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე.
მთავრობის დადგენილებით, საუბარია შემდეგ დოკუმენტზე: მინიჭებული QR კოდი ან ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის (ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსი) დამადასტურებელი დოკუმენტი ან ოფიციალური უწყების მიერ გაცემული ვალიდური ნეგატიური პსრ ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ ობიექტებში შესვლა მხოლოდ ამ დოკუმენტით არის შესაძლებელი, რომელიც მოიცავს პირის კოვიდ ისტორიას.