პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ინიციატივით გამოდის, 22 დეკემბერი თანხმობის დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, პოლარიზების ხარისხი საქართველოში ისეთი დრამატულია, თუ ეს არ გამოსწორდა საკუთარ თავს პარლამენტში ვერ ხედავს.
„საქართველოს ირგვლივ საგარეო პოლიტიკური ვითარება ისეთი დრამატულია, იმდენად სახიფათოა ის განზრახვა, რაც აქვს რუსეთის ფედერაციას, კრემლს ჩვენს მიმართ და უკრაინის მიმართ, ვფიქრობ, არაფერი სხვა, არცერთი სხვა საკითხი არ შეიძლება იყოს ამაზე აქტუალური. მეორე მხრივ, პოლარიზების ხარისხი საქართველოში ისეთი დრამატულია აგრეთვე, ისეთი უფსკრულია საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის, ასევე პოლიტიკურ სპექტრში, რომ თუ სწორედ ახლა არ ვუწამლეთ ამას, ვფიქრობ, შეიძლება იყოს ყველაფერი გვიან. მე ჩემდათავად, თუ ეს ვერ მოხერხდა, ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში ვერ ვხედავ. არ მგონია, რომ აქ აზრი ჰქონდეს აქ საქმის გაგრძელებას, თუ ვერ შევთანხმდებით მთავარ საკითხზე, რომ ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალის ყოფნა ხელისუფლებაში იყოს არა ჩვენი არჩევანი, არა ჩვენი გადასაწყვეტი, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი სამართლიანი პროცედურებით. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ არ დაგვემართებოდა 30 წლის წინ, 1991-ში 22 დეკემბერი, ეს სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში. რა, ვინმე იტყვის, რომ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა ჩავარდნები? – არა, ბატონებო, ღმერთი არავინ არ არის! ყველას გვქონდა, ყველას გვაქვს და გვექნება ჩავარდნები. უბრალოდ, უბედურება ისა, რომ არ ვაცდით ერთმანეთს, არ შეგვიძლია ერთმანეთის გათვალისწინება. იქნებ სწორედ 22 დეკემბრისთვის, იქნებ ამ დღეს მაინც მოვახერხოთ და შევთანხმდეთ მთავარზე, როგორც არ უნდა სძულდეს ვინმეს ერთმანეთი, როგორც ვერ უნდა ვიტანდეთ ერთმანეთს, ავიტანოთ ერთმანეთი საქართველოსთვის და გამოვაცხადოთ 22 დეკემბერი თანხმობის დღედ“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე შეფასებით, ამ მხრივ, ამ კონტექსტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა ძალიან კეთილშობილურია.
„მე ვერ ვხედავ ალტერნატივას, თუ არა ამ ინიციატივის განხორციელება. მოდით, ნუ დავიწყებთ წარსულის ქექვას, რადგან ეს ვერ მიგვიყვანს თანხმობამდე. მოხერხდება თუ არა სამი პრეზიდენტის ფორმატში საუბარი, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ცუდი სულაც არ იქნებოდა. ის მაინც ხომ შეიძლება მოხერხდეს, რომ აქ ჩვენ ვესაუბროთ ერთმანეთს ნორმალურად, ჩავთვალოთ, რომ ყველას ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში გაუკეთებია ძალიან ბევრი საქართველოსთვის. ნოდარ დუმბაძეს აქვს ფანტასტიკურად ნათქვამი – იქნებ იმ კუთხით შევხედოთ ადამიანს, საიდანაც უკეთ იმზირება. თუ გაქვს სურვილი შეგიძლია დაინახო, თუ არ გაქვს, ვერ დაინახავ და თანხმობა არასდროს შედგება. მოგიწოდებთ და მზად ვარ დავიწყო ჩემი თავიდან, რომ არ იყოს ეს ჰაერში ნათქვამი, დავასრულოთ ენა, რომელიც გვყოფს! შევძლოთ შეთანხმება, თუ დღეს არა ერთმანეთის ხათრით, საქართველოს ხათრით მაინც!“- განაცხადა ახვლედიანმა.