ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის მოლაპარაკებების რუსული დელეგაციის მეთაურის, კონსტანტინ გავრილოვის თქმით, მოსკოვი არც ერთ შემთხვევაში დაუშვებს უკრაინასა და საქართველოში NATO-ს ინფრასტრუქტურის განლაგებას.
“ვფიქრობ, კი. თუ არადა, [ჩვენი] პასუხი სულ სხვაგვარი იქნება”, – პირდაპირ ეთერში დაეთანხმა კონსტანტინ გავრილოვი წინადადებას, რომ რუსეთი არც ერთ შემთხვევაში დაჰყვება უკრაინასა და საქართველოში NATO-ს ინფრასტრუქტურის განთავსებაზე “ყბედობას”.
გასულ დღეს, 20 დეკემბერს გავრილოვი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სამხედრო საფრთხითაც დაემუქრა.
“უნდათ თუ არა, დიალოგში ჩართვა და ჩვენი კონკრეტული შეთავაზებების განხილვა მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელმძღვანელობამ უკვე ცხადად გამოხატა: ისინი მიმართავენ სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო გზებს, ან შექმნიან საპასუხო საფრთხეებს NATO-ს ქვეყნებისთვის”, – თქვა კონსტანტინ გავრილოვმა.
აქამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ორი გზა აქვს, მათ შეთავაზებებზე სერიოზულად მოკიდება, ან სამხედრო ალტერნატივა.
რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს.
რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას “მიუღებლად” მიიჩნევს.