წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, მგელმა სამი ადამიანი დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მგელი ფერმის ტერიტორიაზე შეიჭრა და ადგილზე მყოფებს თავს დაესხა. დაშავებულთაგან ერთი ქალი და ორი კაცია.
დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. როგორც კლინიკის ექიმი, ზურაბ წულაია აცხადებს, პაციენტებს დაზიანებები სახის არესა და ზედა კიდურებზე აქვთ, მათ ქირურგიული დამუშავება ჩაუტარდათ, გაუკეთდათ ანტიტეტანური და ანტირაბიული იმუნიზაცია.
ექიმის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.