ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი 3 იანვარს სამშობლოდან შორს, ავსტრალიაში, სიდნეიში გარდაიცვალა. ადამიანი, რომლის სახელი სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. ვიქტორ სანეევმა პირველი ოქროს მედალი მექსიკის 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიგო. შემდეგ მას მოჰყვა ოქროს მედლები მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) წლების ოლიმპიადებზეც, რითაც მსოფლიო სპორტში უნიკალური მიღწევა დაფიქსირდა – ვიქტორ სანეევი ერთადერთი მძლეოსანია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო სამხტომში ოლიმპიური ოქროს მოგება. ვიქტორ სანეევი დაჯილდოვებულია: ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენებით, ღირსების ორდენით და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2018 წელს). იგი ფლობდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენსაც. 1992 წლიდან ცხოვრობდა ავსტრალიაში და იყო ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიადაზე (2000) ვიქტორ სანეევი საქართველოს ოლიმპიური ატაშის როლს ასრულებდა, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც.
გთავაზობთ ამონარიდებს ვიქტორ სანეევის ინტერვიუდან, რომელიც მას ორიოდე წლის წინ, რუსული საინფორმაციო სააგენტოს „ტასსის“ კორესპონდენტმა – ალბერტ სტაროდუბცევმა ჩამოართვა.
საბჭოთა მძლეოსნების დიდი პლეადიდან მხოლოდ მხტომელმა ვიქტორ სანეევმა შეძლო პირველი ადგილების დაკავება ზედიზედ სამ ოლიმპიურ თამაშებში. თუ როგორ აღნიშნა მან თავისი პირველი დიდი წარმატება მეხიკოში, რამ შეუშალა ხელი მოსკოვში მეოთხე ოქროს მედლის აღებისას, რა მიზეზების გამო წავიდა მშობლიური საქართველოდან შორეულ ავსტრალიაში – ამის შესახებ საუბრობს ვიქტორ სანეევი ინტერვიუში.
– როცა თამაშებისთვის ვემზადებოდი, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებდი, ბოლო მცდელობამდე… ვაცნობიერებდი, რომ წარმატებისათვის მხოლოდ ფიზიკური მონაცემები საკმარისი არ იქნებოდა. ოლიმპიური მედლის პრეტენდენტს მტკიცე ფსიქოლოგიაც უნდა ჰქონდეს – მით უმეტეს, მეხიკოს ოლიმპიადაზე სამხტომში უმკაცრესი კონკურენცია იყო. არ მინდა, ვინმემ მოურიდებელ ადამიანად ჩამთვალოს, მაგრამ სწორედ ჩემმა განწყობამ – ბოლომდე მებრძოლა, შემაძლებინა, რომ პირველი ადგილი დამეკავებინა. არ ვიცი, ღირს თუ არა ამის გახსენება, მაგრამ ზოგჯერ, ასეთი დიდი შეჯიბრებების დროს, მწვრთნელი ხანდახან სპორტსმენს ხელს უშლის – მას ჰგონია, რომ თვითონ უფრო მეტს ხედავს და გრძნობს. მე მწვრთნელმა რაც მითხრა, იმის კორექტირება მოვახდინე, ყველაფერი გავაანალიზე და როგორც მინდოდა, ისე გავაკეთე – გადავხტი და გავიმარჯვე კიდეც.
– როგორ აღნიშნეთ გამარჯვება ოლიმპიურ სოფელში?
– ვისაც ვიცნობდი, ყველამ გულით მომილოცა. უპირველესად კი, ჩემმა თანამემამულეებმა – ქართველებმა: მოჭიდავე რომან რურუამ, რომელმაც, ასევე, გაიმარჯვა მეხიკოში და ვერცხლის პრიზიორმა, შტანგისტმა დიტო შანიძემ. კაცმა რომ თქვას, რაიმე განსაკუთრებული აჟიოტაჟი ჩემი გამარჯვების გარშემო არ ატეხილა.
– და როგორ დააფასა საბჭოთა კავშირმა თქვენი გამარჯვება? მოგცეს პრესტიჟული ავტომობილის გასაღები ან ახალი ბინის ორდერი?
– საერთოდ, ჩემს თავს რიგით ადამიანად ვთვლი, მაგრამ მექსიკიდან დაბრუნების შემდეგ, “1968 წლის საუკეთესო საბჭოთა სპორტსმენად” მაღიარეს, ჩემი ფოტოსურათები კი იმ დროის ყველაზე პოპულარული ჟურნალის – “ოგონიოკის” ყდაზე გამოქვეყნდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა სპორტსმენის ფოტოსურათი “ოგონიოკის” ყდაზე დაიბეჭდა. მართალი გითხრათ, ჩემი გამარჯვებითა და პოპულარობით მაინცდამაინც არ ვამაყობდი და ყველაფერს მშვიდად ვუყურებდი…
ძალიან მინდოდა, მშობლიურ სოხუმში ბინა მქონოდა, თუნდაც ერთოთახიანი. ჩემმა მწვრთნელმა ამ თხოვნით საქართველოს კომპარტიის ცეკას მიმართა, მაგრამ იქ მას უთხრეს, რომ რესპუბლიკაში ძალიან ბევრ ომის ვეტერანს ბინა არ აქვს და სპორტსმენს როგორ მივცეთო…
არადა, როცა ჯერ კიდევ 18 წლის ვიყავი, მოსკოვიდან, კიევიდან, ალმა-ათიდან დამირეკეს, ჩვენთან ჩამოდი და სამოთახიან ბინას მოგცემთო. მაგრამ მე არსად წასვლა არ მინდოდა. ჩემი სამშობლო საქართველოა და საცხოვრებელი ფართობის უქონლობა არ შეიძლებოდა იმის მიზეზი ყოფილიყო, სხვა რეგიონში წავსულიყავი. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ცოტა მოგვიანებით თბილისში ბინა მაინც მომცეს.
– მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თქვენ ჩირაღდანი [ესტაფეტის] ბოლო ეტაპზე კალათბურთელ სერგეი ბელოვს გადაეცით, რომელმაც „ლუჟნიკებში“ ოლიმპიური ცეცხლი აანთო… მაგრამ როგორც ამბობენ, თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ეს მისია თქვენ უნდა შეგესრულებინათ...
– ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი რომ მიიღოთ, ამისათვის „ეფ-ეს-ბეს” (ФСБ) უნდა მიმართოთ… მე მაშინ კომპარტიის წევრი ვიყავი, რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდი. ორჯერ მომიწია „ლუჟნიკებში“ მისვლამ – ჯერ გენერალურ რეპეტიციაზე, შემდეგ კი უკვე თვით ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. გულახდილად გეტყვით, რომ ამ ცერემონიებმა ძალიან დიდი ემოციური ძალების დაძაბვა მოითხოვა. წარმოიდგინეთ – ჯერ სტარტზე არ ვიყავი გასული და ისე გამოდიოდა, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა უკვე ორჯერ მივიღე. დღევანდელი გადასახედიდან, ჩირაღდანზე, ალბათ, უარი უნდა მეთქვა, რომ ჩემი გამოსვლისათვის უკეთ მოვმზადებულიყავი.
– თუ თქვენს ბოლო ოლიმპიადას გავიხსენებთ, ბევრი ამბობს, რომ მაშინაც პირველი უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ოქროს მედალი თქვენს ამხანაგს, საბჭოთა გუნდელს იაკ უუდმიაეს გადაეცა, თუმცა მან წესი დაარღვია…
– მე მაქვს მოსკოვის ოლიმპიადის იმ ნახტომების ვიდეოჩანაწერი და ფოტოკადრები. გადაღება მხოლოდ ერთი პოზიციიდან მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი მხოლოდ ათი წლის შემდეგ ვნახე და დავრწმუნდი, რომ მართლაც წესი დაარღვია. ისე, მე ამას შეურაცხყოფად არ ვთვლი. ეს არც ჩემი და არც ჩემი ამხანაგის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა… რას ვიზამთ, მსაჯმა დაუშვა შეცდომა, ხდება ხოლმე… როცა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ადრიან პაულენი შემხვდა [ვერცხლის მედლით] დაჯილდოების ცერემონიალის წინ, იგი სიმწრისაგან ტიროდა. მილოცავდა და ცრემლები მოსდიოდა. რაც შეეხება ესტონელ იაკ უუდმიაეს, მე მისგან არაფერი მწყენია. იაკი ნორმალური კაცია, ხუთი შვილი ჰყავს… ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ.
– რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება მშობლიური საქართველოდან წასვლაზე 1990-იანი წლების დასაწყისში? თანაც, შორეულ ავსტრალიაში?
– საქმე ისაა, რომ ავსტრალიაში 1991 წელს ამ ქვეყნის მძლეოსნობის კონფერენციაზე მიმიწვიეს. ასევე, უნდა ჩამეტარებინა წრთვნები რამდენიმე მსხვილ ქალაქში. როცა სიდნეიში ჩავედი, მომავალზე ღრმად ჩავფიქრდი… იმ დროს საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ომი სულ მალე დაიწყებოდა… ბოლოს, გადავწყვიტე, ავსტრალიაში დავრჩენილიყავი და რაიმე სამუშაო მომეძებნა. სიდნეის ერთ-ერთ კოლეჯში მასწავლებლის ვაკანსია იყო. თავდაპირველად ორ წელზე იყო ლაპარაკი, საბოლოოდ კი, დღემდე ავსტრალიაში ვცხოვრობ. არ ვფიქრობ, რომ წამოსვლით რაიმე დავკარგე. კოლეჯში ბავშვებს სპორტსმენებად ვზრდიდი, ჩემი მოსწავლეები სასკოლო შეჯიბრებებში მაღალ შედეგებს აჩვენებდნენ…
– ამჟამად [2018 წლის ნოემბერში] ისევ მუშაობთ?
– მეყოფა უკვე, განა ამდენი მუშაობა შეიძლება? ექვსი წლის ვიყავი, სპორტში რომ ჩავერთე. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ბაღია. ავტომანქანები მიყვარს, ჯაზს ვუსმენ. ყველაზე მეტად ელა ფიცჯერალდი მომწონს…
– კმაყოფილი ხართ ავსტრალიაში ცხოვრებით?
– მე უპირველესად კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. ეს რეალური სასწაულია. ოთხი ოლიმპიადა გამოვიარე და ყველაგან უმაღლეს დონეზე გამოვდიოდი.