პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, UNESCO საგამოძიებო ორგანო არაა. ის გამოეხმაურა ორგანიზაციის მიერ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანა.
“სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება. UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო. იცით, რომ გამოძიება მიდის, ექსპერტიზა ჩატარებულია, შესაბამისად ამაზე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების ფარგლებში რომელიც მიმდინარეობდა, გააკეთებენ განცხადებას.
ვინც ნახა UNESCO-ს ის სია, იქ წერია, რომ მოკითხულია მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი. აქედან გამომდინარე, UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იცით, რომ ეს ღია საკითხად არის მითითებული, სადაც არის გამოგზავნილი შეკითხვა მთავრობის მიმართ და ელოდებიან პასუხს”, – თქვა პაპუაშვილმა.
UNESCO-მ TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ასახული. მკვლელობის თარიღად 5 ივლისია მითითებული.
ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ერთ-ერთი იყო იმ 50-ზე მეტ ჟურნალისტს შორის, რომელთაც თბილისის პრაიდის ჩატარების დღეს თავს დაესხნენ.
ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.
მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, რადგან კონტრაქციაზე ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება.
ოპერატორის ცემის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესიც ამ დრომდე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მხრივ ცდილობდა განევითარებინა ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა. თუმცა ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნა მზად არაა.