„სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის (62%) კრიტიკულ დონეს მივაღწიეთ, რომლის გამოც ეკონომიკური ზრდა (მოცემულ სიტუაციაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ავტომატურად დაიწყებს კლებას“, — ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის (62%) კრიტიკულ დონეს მივაღწიეთ, რომლის გამოც ეკონომიკური ზრდა (მოცემულ სიტუაციაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), ავტომატურად დაიწყებს კლებას.
ქვეყნები ვალს იღებენ პროდუქტიულ სექტორებზე დასახარჯად, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ეკონომიკურ ზრდას, ხოლო ჩვენი მთავრობა აღებულ სესხს პოპულისტური სოციალური პროგრამებისა და ბიუროკრატიული ხარჯებისთვის იყენებს, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო სესხის უდიდესი ნაწილი (90%) უცხოურ ვალუტაშია, თუ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა, სესხი/მშპ თანაფარდობა კრიტიკულ ნიშნულს გადააჭარბებს და საქართველო უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად აღარ იქნება მიმზიდველი.
ეს მთავრობა ლიბანის მთავრობის გზას დაადგა და ქვეყანას სწრაფი სიჩქარით მიაქანებს ნგრევისა და გაკოტრებისაკენ,“-წერს ასლი.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, მთავრობა მომდევნო წელს საგარეო ვალის სახით 5,3 მილიარდ ლარს აიღებს. რის შედეგადაც, 2021 წლის ბოლოსათვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით.