ის აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები, თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ეს ყველაფერი არის ნიშნები იმისა, რამდენად დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა არის პროვოკაციაზე გადასვლა. ამაზე მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რათა დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და მშვიდობიანი დეესკალაციისკენ წავიდეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს.
მინდა, საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არამხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს რეალურად არის, ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს არის ჩვენი უსაფრთხოება.
ჩვენი სოლიდარობა არაა სიტყვიერი სოლიდარობა. ესაა სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა და განიცდის ოკუპაციას. კარგად გვესმის რას გრძნობს უკრაინელი ხალხი და მთლიანად ვიზიარებთ. […]
დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მოლაპარაკებას რაც მიმდინარეობს. აგრესიას მომავალი და შედეგი არ გააჩნია. სამხედრო ძალის გამოყენება ეკუთვნის წარსულს, ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს.
ვისაც არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, იმას არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო. მინდა გამოვთქვა იმედი და რწმენა რომ უკრაინის სუვერენიტეტი ბოლომდე იქნება დაცული.”
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თბილისის აეროპორტში.