სალვადორ დალის ოფიციალური გვერდი თავად გურიელის პორტრეტს აქვეყნებს — დალიმ ეს ნამუშევარი თავის მეგობარს, ქართველ თავად არჩილ გურიელს მიუძღვნა.
ეს ფერწერული ტილო სალვადორ დალიმ 1954 წელს დახატა. პრინც არჩილ გურიელი-ჭყონიას პორტრეტი, ესპანელი სიურრეალისტის ავტოგრაფით, ჰელენა რუბინშტეინის ფონდიდან ნიუ-იორკში Sotheby’s აუქციონზე 1997 წელს გაიყიდა. ამ ნამუშევარს ერთდროულად წარსულიც აქვს და მომავალიც.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ემიგრანტი ამ დროს 59 წლის იყო, გენიალურ დალის ის ბევრად ახალგაზრდა დაუხატავს მეტაფორებით და სიმბოლოებით სავსე სიუჟეტისთვის. ნამუშევრის კონცეპტუალურ ხაზს თუ გავყვებით, პრინცი არჩილ გურიელი თავისი არისტოკრატული სიდარბაისლით ტრადიციულ გურულ ჩუქურაშია გამოსახული, წელზე ყაბალახი აქვს შემოხვეული, რაც მის ეთნიკურ წარმომავლობასთან ერთად წარსულის ნოსტალგიად შეიძლება მივიღოთ. გარდა იმისა, რომ ტილოზე დროის რეტრო განწყობა და ხასიათი შემოდის, დალის კომპოზიციური თხრობის სტილშია მოქცეული საქართველოს ისტორიიდან არგონავტების მითი და კავკასიის ქედზე მიჯაჭვული ამირანის ეპოსი.
წყარო : on.ge