ქობულეთის ტყეში გარდაცვლილი სნაიპერის დედა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს. 32 წლის მევლუდ ბენდელიანი საკუთარმა ოჯახმა ბოლოს 31 იანვარს ნახა, როდესაც სამხედრო სახლში ანერვიულებული და გაღიზიანებული დაბრუნდა.
ჯარისკაცის მეუღლე მთავარ არხთან იხსენებს რომ სახლში დაბრუნებულ ბენდელიანს ქურთუკი არ ეცვა, ოფიცერმა ოჯახის წევრებს განუმარტა რომ მოსაცმელი დაეხა და სახლში აღარ მოიტანა. ამ მომენტიდან მალევე ბენდელიანი სახლიდან მიდის, მისი კვალი კი იკარგება. 32 წლის სნაიპერი ქობულეთის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
არავინ იცის რა მოხდა 31 იანვრის ღამეს დაუსახლებელ ადგილას. თვითმკვლელობა თუ მკვლელობა. სნაიპერის დედა დარწმუნებულია რომ მისი შვილის გარდაცვალება სამხედრო სამსახურს უკავშირდება, რადგან ბოლო პერიდოში ჯარისკაცი სამსახურიდან სახლში ანერვიულებული ბრუნდებოდა.
შეიარაღებული ძალების ოფიცრის, 45 წლის შალვა ტაბატაძის გარდაცვალების საქმე სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. სოფელ ორთაშენთან ავტომაგისტრალის ხიდის ქვეშ ცხედრის აღმოჩენის შემდეგ გამოძიებას ახალი არაფერი უთქვამს. სამართალდამცველები ერთადერთ ვერსიად ავტოსაგზაო შემთხვევას ასახელებენ, თუმცა ბევრი გარემოება ამ შესაძლებლობას გამორიცხავს.
უცნობია სად არის მანქანა, რომლითაც გორის სამხედრო ბაზის სასროლეთის უფროსი ავარიაში მოჰყვა. გამოძიება დუმს.
“მთავარი არხისთვის” ცნობილი გახდა კიდევ ერთი ჯარისკაცის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შესახებ. ვაზიანის მეოთხე სამხედრო ბრიგადის კაპრალი დათო თურქაძე 8 თებერვალს გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. “მთავარს” წყარო დახურული ბაზიდან უყვება, რომ 31 წლის ჯარისკაცი შემთხვევის დღეს მუშაობდა.
ერთი ვერსიით, კაპრალი გარდაცვლილი ვაზიანის სამხედრო ბაზის პარკინგზე ნახეს, ამის შემდეგ კი მისი ცხედარი რუსთავში, ბენზინგასამართ სადგურზე მანქანით წაიღეს.
წყარო ფიქრობს რომ ამ გზით თავდაცვის სამინისტრომ ბაზაზე მომხდარზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა.
ერთი ვერსიით ჯარისკაცს დაქოქილ ავტომობილში დაეძინა და გაიგუდა. წყაროს ინფორმაციით, ექსპერტიზის პირველადი დასკვნით 31 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის ზედოზირება გახდა, რის გამოც თავდაცვის სამინისტრომ მომხდარი საგულდაგულოდ დამალა.
იმის გამო რომ ბაზაზე მყოფ ჯარისკაცებს მომხდარის შესახებ მაშინვე არ გაეგო და ინფორმაციას გარეთ არ გაეჟონა, წყარო გვიყვება რომ ბაზაზე სრული მობილიზება გამოცხადდა.
წყარო : მთავარი არხი