“ეს ხელისუფლება ქართველ ხალხს უყურებს, როგორც უსახო მონების მასას”

ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მის წინ მდგომ ამოცანებს ვერ უმკლავდება, სახლში უნდა წავიდეს! ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, როდესაც ხვდება რომ არასწორ ადგილას მოხვდა, ისეთ საქმეს აკეთებს, რაც მისი არ არის, არ გამოსდის და ვერ აკეთებს, მიდის და ცდილობს იპოვოს საქმე და პოზიცია, რომელშიც საუკეთესო თვისებებს გამოავლენს. ესაა მარტივი ადამიანური ამბავი. ასე ვიქცევით ყველა.

ასე არ იქცევიან მხოლოდ დიქტატორები, ტირანები და საოკუპაციო რეჟიმები. მათთვის ხალხი არ არის ძალაუფლების წყარო, ისინი არ წარმოადგენენ ხალხს, რომელსაც მართავენ, ამიტომ არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობენ.

საქართველოს ხელისუფლება იქცევა როგორც საოკუპაციო რეჟიმი. ის ვერ გაუმკლავდა ვერც ერთ ამოცანას, ვერ გადაჭრა ვერც ერთი პრობლემა და ნაცვლად იმისა, რომ წავიდეს, პოლიციური რეჟიმით არის გამაგრებული ხელისუფლებაში. ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და არც მის წინაშეა ანგარიშვალდებული.

ნამოხვანში რაც ხდება, ესაა ყოველგვარი კანონის მიღმა გასვლა. კონსტიტუციის და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვა. ასე იქცევიან საოკუპაციო რეჟიმები და არა ეროვნული ხელისუფლებები, რომლებიც შეზღუდული არიან კონსტიტუციითა და კანონებით.

ამ ხელისუფლების მშვიდობიანი წასვლა არის ქართველი ხალხის ეროვნული ამოცანა, რომელიც უნდა გადავჭრათ ყველამ ერთად ჩვენ შორის არსებული მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ ნებისმიერი სხვა განსხვევების მიუხედავად.

სახელმწიფო ინსტიტუტების ქართველი ხალხისთვის დაბრუნების გარეშე, არანაირი აზრი არ აქვს ჩვენ შორის მსოფლმხედველობრივ კამათს, რადგან ამ ხელისუფლების ლოგიკა არასოდეს იქნება დაფუძნებული შეხედულებებსა და ღირებულებებზე. როცა საოკუპაციო რეჟიმს დასჭირდება, ის გაატარებს ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების შემზღუდველ რეფორმებს და დაგვხუნძლავს რეგულაციებით, როცა დასჭირდება, ყველაფერს თავზე გადაგვახევს და ლექციას ჩაატარებს ინვესტიციების მნიშვნელობაზე და თუ დასჭირდება გააჩერებს ანაკლიის პორტის მშენებლობას და ერთმანეთის მიყოლებით გაყრის ყველა ინვესტორს.

ეს ხელისუფლება ქართველ ხალხს უყურებს, როგორც უსახო მონების მასას, რომელსაც რასაც უნდა იმას უზამს, როგორც უნდა ისე იხმარს და ახდის ნამუსს. ეს ხალხი გასაშვებია სასწრაფოდ და ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ არსებობს. ამავდროულად ჩვენ უნდა შევათანხმოთ რა მოხდება ამათი გაშვებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში. სხვანაირად ახალ საოკუპაციო რეჟიმს მივიღებთ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ დაიკავებს კონკრეტულ თანამდებობებს, ვინ იქნება რეფორმებზე პასუხისმგებელი, როგორი იქნება ეს რეფორმები და როგორ უზრუნველყოფს ეს სახელმწიფოს ქართველი ხალხისთვის დაბრუნებას.

თუ ქართული საზოგადოება მოახერხებს ამ საკითხებზე შეთანხმებას და ოპოზიცია გასაგებად ეტყვის ამ ყველაფერს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხი აუცილებლად გაუშვებს საოკუპაციო რეჟიმს სახლში.

რთულია, მაგრამ რეალური ცვლილებები მოაქვს მხოლოდ მუშაობას, შრომას. ის, რასაც ვერ ვხედავთ სამწუხაროდ ოპოზიციისაგან, ესაა შრომა.

გასაგებია, რომ პარლამენტში არ შეხვედით, მაგრამ პარლამენტი არაა შენობა, პარლამენტი არის ქართველი ხალხის წარმომადგენლობა. თუ მართლა გჯერათ, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენთ, შეიკრიბეთ ყოველ დღე იმ შენობის გარეთ, ნებისმიერ სხვა ადგილას, დასხედით, იმუშავეთ, გვაჩვენებთ როგორ გადაჭრით ამა თუ იმ პრობლემას, რაზე შეთანხმდებით და რაზე ვერ. შეიმუშავეთ კონკრეტული რეფორმები. დაგვანახეთ, რომ მუშაობთ და ჩვენც დაგანახებთ როგორ მარტივად შეგვიძლია ამ საოკუპაციო რეჟიმის სახლში გაშვება. იმუშავეთ. იმუშავეთ. იმუშავეთ. მხოლოდ ესაა გამოსავალი. ბავშვმაც კი იცის, უკვე ამათი კორუმპირებულობაც, არაკომპეტენტურობაც, უსამართლობაც. გამოსავალი დაგვანახეთ. გამოსავალი გვჭირდება. ამას შრომის გარეშე ვერ გააკეთებთ.

ტორესა მოსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share