“მთავარი არხის” ჟურნალისტი, ემა გოგოხია ზუგდიდში, “ალტ-ინფოს” ოფისთან მომხდარ თავდასხმას იხსენებს და ამბობს, რომ არხის ოპერატორს დაახლოებით 8 ადამიანმა სასტიკად სცემა.
მისი თქმით, თავდამსხმელებს კამერის დაზიანება სურდათ, სადაც აღბეჭდილი იყო, როგორ შლიდა დასუფთავების სამსახურის “ალტ-ინფოს” ოფისზე დახატულ უკრაინის დროშას და წარწერებს.
“ისინი კასტეტებით იყვნენ შეიარაღებულები. უმოწყალოდ სცემდნენ ოპერატორს, დაახლოებით 8 ადამიანი. ასევე, ჩემზეც განხორციელდა ძალადობა. სამიზნე იყო კამერა. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, კამერა იყო თუ არა დამტვრეული და “კამერა წაიღე”, რომ ამ კამერით იღებდნენ “იმ ფაქტს”. დასუფთავების სამსახურის მასალა იყო აღბეჭდილი ამ კადრზე, თუ როგორ ასუფთავდებდნენ და ამის შემდეგ როგორ გარბოდნენ. ჩემი აზრით, ამ მიზნით უნდოდათ კამერის განადგურება”, – ამბობს ემა გოგოხია.
ფიზიკური ანგარიშსწორება ზუგდიდში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ნაცემია ჟურნალისტი და ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. ფაქტს პოლიცია შორიდან უყურებდა და რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტისა და ოპერატორის დასახმარებლად ადგილობრივები მივიდნენ. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.