ურაპატრიოტიზმი და კაპიტულანტობა – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

ურაპატრიოტიზმსა და ლაჩრულ კაპიტულანტობას შორის დიდი განსხვავება და მანძილია.

ურაპატრიოტიზმია: ქვეყნის რეალურ შესაძლებლობებსა და საფრთხეებს ვერ აფასებდე და უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთთან მეორე ფრონტის დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვდე.

სიმართლე გითხრათ მე ასეთი ადამიანი არც საჯარო სივრცეში და არც პირადად შემხვედრია. სამართლიანი შურისძიების სურვილით სავსე, რუსების მიერ განადგურებული ოჯახების წევრებსა და თვით ყველაზე მილიტარისტულად განწყობილ ქართველებსაც კარგად ესმით, რომ სრული არსობრივი მსგავსების პარალელურად, უკრაინის წინააღმდეგობის რესურსსა და საქართველოს მოცემულობას შორის დიდი განსხვავებაა. 42 და არასრულ 4-მილიონიან მოსახლეობას შორის სხვაობა ის შემთხვევაა, როდესაც თავგანწირვასთან და საბრძოლო-პატრიოტულ სულისკვეთებასთან ერთად რიცხობრიობა გადამწყვეტი ხდება. ისევე როგორც დასაპყრობი ტერიტორიის სიდიდე და მასშტაბი: მიუხედავად მთაგორიანი რელიეფის დაცვის უპირატესობისა, თუ ცაში წინააღმდეგობას ვერ წევ, 70 ათას კვადრატულმეტრიანი საქართველო შეუდარებლად მოწყვლადია, ვიდრე თითქმის 10 ჯერ დიდი – 600 ათას კვადრატულ კილომეტრიანი უკრაინა შუა ევროპაში.

ეს პირველ რიგში ჩვენს სამხედროებს და მართლაც მებრძოლ პატრიოტებს ესმით. ამიტომაც ებრძვის მათი ნაწილი რუსულ ფაშიზმს უკრაინაში. ამიტომაც სწირავს თავს საქართველოსთვის მარიუპოლში, კიევთან თუ ხარკოვთან. ამიტომაც, სწორედ ჩვენს ომში იომეს, დაიღუპნენ და იქცნენ საქართველოს გმირებად დავით რატიანი, გია ბერიაშვილი და ბახვა ჩიქობავა. ისინი ურაპატრიოტები არ ყოფილან. საქართველოს ნამდვილი პატრიოტები იყვნენ.
ლაჩრული კაპიტულანტობა – აშკარა საფრთხის დანახვა და ამის მიუხედავად, მისთვის სახელის დაურქმევლობაა. აი ზუსტად ისე, როგორც ამას შინაურ ოპონენტებთან სულ მუდმივად “გონორით” და სახელმწიფოს გაუქმების ღია მუქარის შემომთვლელ მტერთან უკიდურესი ლოიალობით მოსაუბრე პრემიერი აკეთებს.

მისგან ომში ჩართვას არათუ არავინ ითხოვს, არამედ სწორედაც რომ “ომის გადმოდინების” საფრთხის თავიდან ასაცილებლად – გააზრებული, ეროვნულ კონსოლიდაციაზე დაფუძნებული, ყველა საშინაო და საგარეო რესურსის მაქსიმალურ მობილიზებას მოვითხოვთ.

ოცნება კი, ამ დროს, კვლავ ქვეყნის შიგნით კუდიანებზე ნადირობითააა დაკავებული. რუსული მწვანე კაცუნების ადგილობრივ ვარიაციას, ალტ-ინფოს ექსტრემისტულ ბანდებს მარტო ქუჩას კი არა ტელევიზორებსაც უთმობს, რუსი მესაზღვრის მიერ ქართლის გულში გადმოწეული მავთულხლართის პარალელურად, დანარჩენ საქართველოში ფინანსებით უზრუნველყოფილი ოფისების მცოცავ საოკუპაციო ქსელს აბმევინებს და ამის გასაპროტესტებლად გამოსულ საქართველოს პატრიოტებს ქობულეთსა თუ მარნეულში, საგარეჯოსა თუ ზუგდიდში შულავერის კომიტეტის მემკვიდრეების ძალადობის წინაშე დაუცველად ტოვებს.

რატომ? აქ მხოლოდ ორი პასუხია: ან ქართული უშიშროების სამსახურები და პოლიცია, პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებით პირდაპირ მოსკოვის “სპეციალური არასამხედრო ოპერაციის” დავალებას ასრულებს, ან ამას აკეთებს შიშით, ოღონდ რუსეთი არ გაანაწყენოს, რაც არის კიდეც ლაჩრული კაპიტულაციის პრაქტიკული მაგალითი, რომელსაც შიგნიდან დასუსტებული, დემორალიზებული საქართველო უბრძოლველად ჩაბარებისა და მეტიც, რაც არაერთხელ მითქვამს, მმართველობითი რეჟიმის კადიროვიზაციამდე მიჰყავს.

ყველა, ვინც ამას ვაპროტესტებთ თავისუფლების და მშვიდობისთვის ვიბრძვით.

“,Si vis pacem, para bellum – თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის”. ეს ფრაზა 22 საუკუნის წინ წარმოთქვა ცნობილმა რომაელმა ისტორიკოსმა და ორატორმა კორნელიუს ნეპოსმა და მას მნიშვნელობა და აქტუალობა არასდროს დაუკარგავს. ვისაც მართლა უნდა მშვიდობა, დიდი ხნის წინ უნდა დაეწყო ომისთვის მზადება. ცუდია რომ ასე არ მოხდა, თუმცა არც დღესაა გვიან. ჩვენ უნდა გვყავდეს მეტი პროფესიონალი ჯარისკაცი, კარგად გაწვრთნილი და მობილური რეზერვი, გვქონდეს მეტი და უკეთესი თანამედროვე შეიარაღება, გამართული თავშესაფრების სისტემა, დასავლელი პარტნიორების მეტი მხარდაჭერა და რაც მთავარია ის საბრძოლო სულისკვეთება, რითაც ყოველთვის ვამაყობდით.

ეს არის ერთადერთი საშუალება რაც ხვალ ომს აგვაცილებს, ზეგ კი დასავლური უსაფრთხოების სისტემის და საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად გვაქცევს.

და კიდევ ერთია არა ურაპატრიოტიზმის, ან ლაჩრული კაპიტულაციის, არამედ პატრიოტიზმის გამოვლინების საშუალება და ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვიტყვი – მოვალეობა შენი ქვეყნის წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე: სინდისიერად გააკეთო მაქსიმუმი, რასაც შენი პროფესია კონკრეტულად შენგან, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისგან, საქართველოს პატრიოტისგან მოითხოვს. აქ რეზო თაბუკაშვილის სიტყვებით ვაპირებდი ჩემი შესავალი სიტყვის დამთავრებას: “პატრიოტიზმი პროფესია კი არ არის, არამედ პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი!”“ და იმის შეხსენებას, რომ ჟურნალისტი კრემლთან სინქრონიზებული პროპაგანდით არ უნდა დაკავდეს, პოლიციელი საქართველოს დროშით გამოსულ აქტივისტს რუსოფილ ბანდიტს არ უნდა აცემინებდეს, მოსამართლე ან კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის წევრი პილატესავით ხელებს არ იბანდეს, მღვდელს ანტიქრისტეს განსახიერება პუტინისთვის არა ქართველების, საერთოდ კაცობრიობის მტრის სახელის დარქმევა არ უნდა უჭირდეს, ფეხბურთელი მისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და ღირსების გამთელავი დროშის მაისურით მოედანზე ბურთს არ უნდა აგორებდეს და მასწავლებელი სამასი არაგველის, ერეკლეს გმირობის და ცხრა ძმა ხერხეულიძის თავგანწირვის მოთხრობის შემდეგ მოსკოვის მესამე რომად და მხოლოდ მასთან ერთ მცხეთის მეორე იერუსალიმად წოდებით მოზარდ თაობას ღირებულებით უფსკრულს არ უჩენდეს..

კიდევ ბევრს დავწერდი და გავიხსენებდი, მაგრამ დილით ინტერნეტში 10 წლის ვაჩე მუჯირის სკოლაში ნაწერს წავაწყდი და მივხვდი, რომ ამაზე სწორად და მარტივად ვერაფერს ვიტყოდი. ამიტომ ურაპატრიოტიზმსა და ლაჩრულ კაპიტულაციას შორის არსებული “დიდი ზღვრის” შესახებ ჩემს მსჯელობას

ჩვენი ბავშვების ნააზრევით დავამთავრებ:

“რას ნიშნავს პატრიოტიზმი?

პატრიოტიზმი ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის სიკეთეზე, დამოუკიდებლობაზე და უსაფრთხოებაზე ფიქრობ. პატრიოტი იცავს თავისი ქვეყანას. იცავს ან იარაღით ან კალმით, პატრიოტი თავის ქვეყანას ყველანაირ სიტუაციაში იცავს. პატრიოტი შეიძლება რომ იყოს ყველა: მეეზოვე, მასწავლებელი, მოსწავლე – პრეზიდენტიც.

მე პატრიოტი ვარ.

ვაჩე მუჯირი – 10 წლის”.

“პატრიოტი ნიშნავს, რომ ხარ გულშემატკივარი შენი ქვეყნის. გიყვარს შენი სამშობლო და ხარ მზად თავიც გაწირო მისთვის! არ არის აუცილებელი, რომ სისხლი დაღვარო ბრძოლის ველზე. მთავარია გულში ნაპერწკალი გენთოს , როდესაც შენს სამშობლოზე საუბრობენ”.

მე მიყვარს ჩემი სამშობლო!

10 წლის ევგენია კეპულაძე”.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share