ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდი მეორედ გახდა საქართველოს თასის მფლობელი.
გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა დღეს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, ფინალურ შეხვედრაში, ხობის „კოლხეთი“ 2:1 დაამარცხეს.
მთელი შეხვედრის მანძილზე მოქმედი ჩემპიონები დომინირებდნენ და სრულ უპირატესობას ფლობდნენ. ანგარიში ხატია ჭყონიამ მე-13 წუთზე გახსნა, რომელიც ხობელებმა პირველივე ტაიმშივე გაქვითეს. 58-ე წუთზე თეონა თოდაძის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ „კოლხეთის“ მცველებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს ბურთი. ამის შემდეგ, მეგრელებს ხიფათი აღარ შეუქმნია, გურულებმა კი რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს.
საბოლოოდ, 2:1 და „ლანჩხუთი“ საქართველოს თასს მეორედ დაეუფლა.
“ლანჩხუთი” ასევე ორჯერ გახდა ჩემპიონი და ამდენჯერვე _ ვიჩე-ჩემპიონი, ხოლო ერთხელ ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ლიგა სულ რაღაც 6 წელია ფუნქციონირებს.
განსაკუთრებულ წარმატებას”ლანჩხუთმა“ ევროსარბიელზე მიაღწია _ ისტორიაში პირველი ქართული გუნდი გახდა,რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა!
წყარო: გურია თუდეი