ლანჩხუთის სოფელ აკეთის თემში ბოლო ერთ კვირაში მეორე ტრაგედია დატრიალდა _ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 40 წლის მიშიკო მ.-მ, რომელიც 6 დღით წინ, ასევე სუიციდით გარდაცვლილი 20 წლის გოგა მ.-ს თანასოფლელი, მოგვარე და არსებული ინფორმაციით, ახლო ნათესავია.
“ბოლო ერთი კვირაა დადუმებულია და მწუხარებაშია ჩვენი ლამაზი სოფელი გაგური _ ჯერ გოგა 21 წლის და მერე შენ, ჩემო მიშიკო, 40 წლის. ცრემლიც აღარ დაგვრჩა, არც გაზაფხულის სითბოა და გაიყინა ირგვლივ თითქოს ყველაფერი. რატომ, ბიჭებო, რატომ? თქვენ ხომ ოჯახები უნდა შეგექმნათ და გაგემრავლებინათ ჩვენი კოხტა სოფელი და საქართველო“ _ წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭების ახლობელი ლაშა ჭეიშვილი.
როგორც მეგობრების კომენტარებიდან ირკვევა, მიშიკოს საკმაოდ ბევრი პრობლემის გადალახვა უწევდა, თუმცა ამას ახერხებდა. სამწუხაროდ, ვეღარ გაუძლო… ისიც, გოგას დარად, დაუოჯახებელი წავიდა ამქვეყნიდან.
“მიშიკა, ათას დარდსა და ტკივილს შეჭიდებულო, დაბადების წუთიდან რომ გარგუნა განგებამ, მაინც გამარჯვებულად გამოსულო და არ წაქცეულო, რატომ გადადგი ეს ნაბიჯი და უღმერთოდ წასვლა არჩიე ამ ქვეყნიდან. ნეტა, უფალი არ გაპატიებს? როგორ მინდა შეგიწყალოს შენი ამქვეყნიური სიკეთეებისა და იმ ალალი, ტკივილიანი თვალების გამო, შენი სულის სარკე რომ იყო. როგორ მენანებიი…“ _ ასევე სოციალურ ქსელში წერს ეკატერინე ჭეიშვილი.
წყარო – გურია თუდეი