საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიასა და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულის, ანდრიი კასიანოვის შეხვედრა გაიმართა.
“უკრაინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს სპეციალურ სამსახურებსა და რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებს შორის ფარული კავშირები არსებობს და სანქცირებული კონტრაბანდული ტვირთები საქართველოს გავლით გადაიზიდება. ცალსახად აღინიშნა, რომ ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ისევე როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე უკრაინელ დიპლომატს გადასცეს საქართველოს შესაბამისი უწყებების – უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით. მათ შორის დიპლომატს გადაეცა ქართული მხარის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ” ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რომელიც უწყებამ გუშინ, 4 აპრილს გაავრცელა, რუსეთი ქმნის არხებს კონტრაბანდისთვის, საქართველოს გავლით.
ამ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს ფინანსთა სამინისტრომ და სუს-მა.