ზელენსკი გაეროს: ან გარიცხეთ რუსეთი, ან დაიხურეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ იმოქმედოს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და ამ მიზნით გარიცხოს რუსეთი საკუთარი რიგებიდან.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამას ვერ გააკეთებს – დაიხუროს.

“უკრაინას აქვს მორალური უფლება, მოითხოვოს უსაფრთხოების სისტემის რეფორმა. ჩვენ ეს დავამტკიცეთ. 

ახლა ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები გაეროს უშიშროების საბჭოდან უკრაინაში მშვიდობისთვის. თუ არ იცით, როგორ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება – შეგიძლიათ, გააკეთოთ ორი რამ: 

გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წყარო. რუსეთი არის აგრესორი და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს თავისივე აგრესიაზე. ამის შემდეგ უნდა გააკეთოთ ყველაფერი მშვიდობის დასამყარებლად. გვაჩვენეთ, როგორ დავამყაროთ მშვიდობა. 

ან, თუ არ არის სხვა გზა, თუ ლაპარაკის გარდა არაფერი შეგიძლიათ, – დაიხურეთ“. – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას სიკვდილის უფლებად გარდაქმნის.

ეს ძირს უთხრის მსოფლიო უსაფრთხოების მთელს არქიტექტურას. ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რისი განადგურებაც შეუძლიათ. ასე რომ, თუ ასე გაგრძელდება, ქვეყნებს ექნებათ მხოლოდ ის ძალა, რაც გააჩნიათ და ვერ დაეყრდნობიან საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი უსაფრთხოება.

გაერო შესაძლოა უბრალოდ დაიხუროს. ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ იმისთვის, რომ დაიხუროთ? ფიქრობთ თუ არა, რომ საერთაშორისო სამართლის დრო დასრულდა? თუ არა, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. გაეროს ქარტია დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს. სისტემა უნდა შეიცვალოს. ვეტო არ უნდა იყოს სიკვდილის უფლება“. – თქვა ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share