კატეგორიულად ვაცხადებთ, ყველა სანქცირებული პროდუქტი ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს – შემოსავლების სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკრაინის დაზვერვის მიერ კონტრაბანდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და “კატეგორიულად აცხადებს”, რომ  ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისმიერი ტიპის სანქცირებული საქონელი მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ.

რაც შეეხება ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებს – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ გასული 1 კვირის მანძილზე, სგპ “ყაზბეგის” გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად (რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით) შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი 19 ერთეული “KAMAZ”-ის მარკის სატვირთო (არასამხედრო) ავტომობილი.

საქართველოსა და საერთაშორისო საბაჟო წესების სრული დაცვით, სატვირთო ავტომობილები გატარდა რეგისტრაციაში და გაშვებულ იქნა დანიშნულების ქვეყნის მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი მასალის გავრცელებისგან და ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის სამსახურებთან”, – წერს შემოსავლების სამსახური. 

ცნობისთვის, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. მომხდარს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა და მას ყოვლად დაუსაბუთებელი, აბსურდული ბრალდება უწოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინას მოუწოდებს აღნიშნულზე მტკიცებულებები მიაწოდოს, ან ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა.

საკითხზე განცხადება გააკეთა დმიტრო კულებამ – ველოდებით მტკიცებულებებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. “ქართული ოცნება” ბრლდებებს უარყოფს, აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინას მტკიცებულებების წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მოსთხოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share