შავი პარასკევი გრანდიოზული ფასდაკლებების და ისეთი რამეების ყიდვის დღეა, რაზეც სხვა დროს ხელი არ მიგიწვდებათ. თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც – ფასდაკლებები არც ისე გრანდიოზულია, თქვენ კი ბოლოს იმას ყიდულობთ, რაც არ გჭირდებათ.
რა არის “შავი პარასკევი”?
ეს ნოემბრის ბოლო პარასკევია, აშშ-ის ეროვნული დღესასწაულის, „მადლიერების დღის” მომდევნო დღე. ნახევარ საუკუნეზეა მეტია, „შავ პარასკევს” მაღაზიები მომხმარებლებს აქციებსა და დიდ ფასდაკლებებს სთავაზობენ.
ყველაფერი ამერიკიდან დაიწყო, თუმცა ტერმინის წარმომავლობაზე განსხვავებული ვერსიები არსებობს. ოქსფორდის ლექსიკონის თანახმად, მას დიდ ბრიტანეთში სკოლის მოსწავლეები იყენებდნენ ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში. პარასკევი სკოლებში გამოცდის დღე იყო და, შესაბამისად, შავიც.
ამერიკელებს „შავი პარასკევი” პირველად 1869 წლის 26 სექტემბერს გაუთენდათ, როდესაც ორი კომერსანტის სპეკულაციებმა ეროვნულ ოქროს ბირჟაზე პანიკა გამოიწვია.
ერთ-ერთი ვერსიით, თანამედროვე გაგებით ეს ტერმინი ამერიკული ბუღალტერიის წყალობით გაჩნდა. საბუღალტრო აღრიცხვაში დანაკარგისთვის წითელ მელანს იყენებდნენ, მოგებისთვის კი – შავს.
თუმცა კაი ხანია „შავი პარასკევი” მხოლოდ ერთი დღე აღარაა. ახლა ეს მთელი ერთი კვირაა. რომელსაც კიდევ ერთი საშოპინგო დღესასწაული, ონლაინგაყიდვების დღე, „კიბერორშაბათი” მოსდევს.
ამერიკული შავი პარასკევი ციფრებში
2020 წელს, მადლიერების დღიდან მოყოლებული, კიბერორშაბათის ჩათვლით, 186.4-მა მილიონმა ამერიკელმა იშოპინგა (ივაჭრა). ეს 1.7%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. პანდემიამდე ბოლო „შავ პარასკევს” სხვადასხვა საქონელი 189.6-მა მილიონმა ამერიკელმა შეიძინა.
2020 წელს თითომ საშუალოდ 311.75 დოლარი დახარჯა. 2019 წელს კი – 361.8.
სულ 2020 წელს ონლაინშოპინგში მათ 14.13 მილიარდი დოლარი დახარჯეს. 19%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს.
“იმდენივე, ან უფრო ძვირი”
„შავ პარასკევს” ბევრი აკრიტიკებს. კომპანიები და ბრენდები არაერთხელ გამოუჭერიათ იმაში, რომ მათი ფასდაკლებები სინამდვილეში არც ისეთი სარფიანი ყოფილა, როგორადაც ასაღებდნენ.
2020 წელს დიდ ბრიტანეთში მომხმარებელთა ასოციაციამ ფასდაკლებების კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ 201-დან 184 შემთხვევაში, საქონლის ფასი იგივე იყო, რაც უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, ან კიდევ უფრო ძვირი.
„ხანდახან გამყიდველები ზრდიან ფასს ფასდაკლების პერიოდამდე, რათა შემდეგ გამოჩნდეს, რომ მომხმარებელს უფრო სარფიან გარიგებას სთავაზობენ”, – უთხრა ბიბისის კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, კეტრინ ჰარტმა.
ყველაზე მეტად ერთმა ადამიანმა იზარალა. მან სარეცხ მანქანაში 309 გირვანქა გადაიხადა. არადა, ხუთი თვით ადრე ის 249 გირვანქა ღირდა. საშობაოდ კი – 289.
„შავი პარასკევის” ფასდაკლებებს კრიტიკოსები საქართველოშიც ჰყავს, თუმცა, დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ეს საკითხი ჯერჯერობით შეუსწავლელია.
რას გვიშვრება ფასდაკლებები და როგორ დავიცვათ თავი?
მეცნიერება დიდი ხანია სწავლობს, თუ რა ფსიქოლოგიური პროცესები ახლავს შოპინგს.
2018 წელს, „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში, გერმანელმა ნეირომეცნიერმა კრისტიან ელგერმა თქვა, რომ ჩვენი ტვინი ფასდაკლებებსა და შოპინგზე რეაგირებს დაახლოებით ისევე, როგორც ნარკოტიკზე.
„ჩვენს ტვინში არსებობს სტრუქტურები, რომელსაც დაჯილდოების სისტემას ვეძახით. მათი გააქტიურებისას, ნეირონების სხვადასხვა ჯგუფი “თრიგერდება”. ეს სასიამოვნო განცდას იწვევს. ეს განცდა იმდენად სასიამოვნოა, რომ იმ მომენტში ჩვენს ტვინს ყველაფერი ავიწყდება.
ჩვეულებრივ ფასებთან შედარებით, სიტყვა “ფასდაკლება” დაჯილდოების სისტემას გაცილებით უფრო ააქტიურებს. მის საპირწონედ, ჩვენს ტვინში არის სფერო, რომელმაც რაციონალურად უნდა დაადგინოს, გვჭირდება თუ არა შენაძენი, მაგრამ ფასდაკლებებთან შეჯახება ამ სფეროებს აყუჩებს. შენ უბრალოდ სტაცებ ხელს და ყიდულობ, საჭიროებას კი აღარ ითვალისწინებ”, – განაცხადა მან.
თუმცა არსებობს გზები იმისთვის, რომ შოპინგისას უფრო თავშეკავებულები ვიყოთ.
გამოცემა „გარდიანის“ ავტორი ჰილარი ოზბორნი გირჩევთ:
- გადაამოწმოთ ფასები წინასწარ
- გახსოვდეთ, რომ კომპანიები იყენებენ მარკეტინგულ ხრიკებს (მაგალითად, გაჩქარებენ და გეუბნებიან, რომ შემოთავაზება დროში შეზღუდულია)
- წინასწარ ჩამოწერეთ, რა გჭირდებათ სინამდვილეში
- ყოველი შენაძენისას, ჰკითხეთ თქვენს თავს, მართლა გჭირდებათ ეს ნივთი?
- გაარკვიეთ დაბრუნება/გადაცვლის ამბავი
- გათიშეთ ყველა ესემესი და მეილი, რომელიც ფასდაკლებას გთავაზობთ
- გაუკეთეთ თქვენს თავს 100%-იანი ფასდაკლება და არაფერი არ იყიდოთ.
რადიო თავისუფლება