დარწმუნებული ვარ გაიმარჯვებთ! ბედნიერი ვიქნებოდი თუ უკრაინას არ დასჭირდებოდა გმირები, მაგრამ სამწუხაროდ 21-ე საუკუნეშიც გვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ინგლისური “ჰალ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ უკრაინულ გამოცემა football24.ua-თან ინტერვიუში განაცხადა.
“მადარდებს უკრაინაში განვითარებული მოვლენები, მუდმივად ვინტერესდები და ვეცნობი ამბებს. მნიშვნელოვანია მშვიდობა, ადამიანები. ვცდილობ გავერკვე, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რატომ ვულოცავთ ვიღაცას დაბადების დღეს ან აღდგომას? მე ჩემს მეგობრებს მუსულმანურ ქვეყნებში ვურეკავ და ვულოცავ რამადანს, ისინი სააღდგომოდ თბილად მომიკითხავენ. ამ დროს კი ვიღაც თავს უფლებას აძლევს, დაეპატრონოს სხვისას და დაბომბოს მშვიდობიანი ქვეყანა. ის შენ არ გეკუთვნის და არც არასდროს იქნება შენი. მერე უკვირთ ზოგიერთებს, ვიღაცას რომ ვიღაც არ უყვარს ან პატივს არ სცემს – საიდან მოდის ამდენი სიძულვილიო.
საქართველოს მთელი ისტორია ომებია, გამუდმებით ვიბრძოდით, თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია – არ გვჭირდება გმირები. თუკი გმირები გჭირდება, ე.ი. რაღაც ისე არ არის. ცხოვრება ამის გარეშეც შესაძლებელია. შვეიცარია ცხოვრობს გმირების გარეშე, აშენებს სახელმწიფოს და ეკონომიკას. ან თუნდაც ამჟამინდელი გერმანია. მათ სხვა გმირები ჰყავთ: აინშტაინი, გოეთე, ფილოსოფოსები, მწერლები. იგივე სკანდინავიელები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ბრილიანტად აქცევენ, ცხოვრობენ მშვიდად და ზრუნავენ კეთილდღეობაზე. ნუთუ, არ შეიძლება ასე ცხოვრება? სხვადასხვა ლეგენდების გამოგონების, ომების გარეშე.
ბედნიერი ვიქნებოდი, თუკი უკრიანას გმირები არ დასჭირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, 21-ე საუკენეშიც გვჭირდება გმირები. უკრაინა გმირი ქვეყანაა. უკრაინელი ხალხი იბრძვის საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად და არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის. უკრაინა სხვების თავისუფლებისთვისაც იბრძვის. ამის ყურება მტკივნეულია, მაგრამ გულში მიხარია, რომ არის ერი, რომელსაც შეუძლია ასე თავდაუზოგავად ბრძოლა.
საოცარია, რომ რუსებს იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნით, რომ სახელი დაარქვან იმას, რასაც უკრაინაში სჩადიან. რა სპეცოპერაცია? ოპერაცია არ არსებობს ორთვიანი ან სამთვიანი. ოპერაცია გრძელდება ერთი, ორი ან მაქსიმუმ 24 საათი. აქ საუბარი თვეებზე. მათ იმის თქმაც კი არ შეუძლიათ მსოფლიოსთვის, რომ ომი დაიწყეს. თქვან, თუ ასეთი მაგრები არიან.
ვიცი, რომ უკრაინელი ხალხი ბრძოლას გააგრძელებს. შესაძლოა, ომში რაღაც ელემენტი დათმო, ლოკალური მარცხი იწვნიო, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ გაიმარჯვებთ. შეუძლებელია იმ ხალხის დამარცხება, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი მიწა.
იცოდეთ, რომ ჩვენ, ქართველები, მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. ვისურებდი, რომ უკვე მომდევნო წუთიდან აღარ იყოს არანაირი ომი. ჩვენ ყველა ვლოცულობთ უკრაინისთვის. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამუდმებით იმართება მიტინგი. ვიღებთ ლტოლვილებს, ჩვენ თქვენთან ვართ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, უკრაინელები ჩვენთან ტურისტებად მოდიოდეთ და მშვიდობიანად ცხოვრობდეთ თქვენს ქვეყანაში. ვუსურვებ ყველა უკრიანელს მშვიდობას, ჯანმრთელობას და გამძლეობას”, – განაცხადა შოთა არველაძემ, რომლის ქართულენოვან თარგმანსაც “პოპსპორტი” აქვეყნებს.