მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფრანგ მამაკაცსა და ქალს, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა, რათა განვახორციელოთ ჩვენი პროექტი უფრო დამოუკიდებელი საფრანგეთისა და უფრო ძლიერი ევროპისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მისი მეორე ვადა არ იქნება პირველის გაგრძელება.
„ეს ახალი ერა არ იქნება იმ ხუთწლიანი ვადის გაგრძელება, რომელიც დასასრულს უახლოვდება, არამედ ახალი მეთოდის კოლექტიური გამოგონება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ახალგაზრდობის უკეთესი სამსახურისთვის მომავალი 5 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა მაკრონმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება.
„ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ დღეს ხმა მომცა არა იმ იდეების მხარდასაჭერად, რასაც მე ვატარებ, არამედ ულტრა მემარჯვენეების იდეების დასაბლოკად. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ვიცი, რომ ეს ხმა მომავალ წლებში ვალდებულებას მაკისრებს,“- აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
მან მიმართა იმ მოქალაქეებს, ვინც ხმა ლე პენს მისცა და აღნიშნა, რომ როგორც პრეზიდენტმა, უნდა მოძებნოს პასუხი „ბრაზსა და უთანხმოებაზე“, რამაც აიძულა ისინი ხმა ულტრამემარჯვენეებისთვის მიეცათ.
ცნობისათვის, გუშინ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა ხმათა 58.55%-ით გაიმარჯვა, მისმა მეტოქემ, “ულტრამემარჯვენე” მარინ ლე პენმა კი ამომრჩევლების ხმების 41.45% მიიღო.