საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ შეაფასა.
კონსილიუმის წევრი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატურად კვება არ შეუძლია.
“გაუარესება მდგომარეობის ძირითადად არის გამოწვეული იმით, რომ მას არ შეუძლია ადეკვატურად კვება. იმიტომ კი არა, რომ არ უნდა, უბრალოდ არ შეუძლია და იღებს დაახლოებით ყოველდღიურად მესამედ, მეოთხედ კალორიებს, რაც არის ყოველდღიური არსებობისთვის საჭირო, შესაბამისად, აღენიშნება წონის კლება ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კუნთების განლევა, და ა.შ. გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, თუ სხვ ქვეყანაში – ამაზე შეიძლება ილაპარაკოს სახალხო დამცველმა, თუ ჩათვლის საჭიროდ”, – ამბობს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გიორგი გრიგოლია.
მედიკოსთა ჯგუფმა უკვე შეიმუშავა დოკუმენტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დეტალურადაა ასახული. დოკუმენტის პრეზენტაცია სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.