უკვე მერამდენე დღეა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ნადირი დათარეშობს.
როგორც ადგილობრივები “გურიის მოამბესთან” საუბარში აცხადებენ, ნადირი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ყოველდღიურად იტაცებს, თუმცა, რამდენიმე გზის მიმართვისა, მოსახლეობის მშველელი არავინაა:
“სოფელ გომში შემჩნეულია ფოცხვერის ჯიშის ნადირი, რომელიც თავს ესხმის და იტაცებს ძროხებს, ღორებს. შეშინებული მოსახლეობა გარეთ ვერ გადის. აღდგომა დღეს სასაფლაოზეც კი, ვერ გავიდა ხალხი” – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე და დასძენს: “ერთ მეზობელს 100 კგ ღორი შეუჭამა და 6 საქონელი, ხოლო დაკბენილი და გამოქცეული, თავსდაღწეული საქონლები კი უამრავია”.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პოლიციასაც მიმართეს და მონადირეთა გაერთიანებას, მათი პასუხი კი იყო ის, რომ ეს მათ არ ეხებათ. მონადირეთა გაერთიანებაში კი ამბობენ, რომ “ქალაქის მერმა ლიცენზია შეგვიჩერა და ადგილზე ვერ ამოვალთო, უფრო მეტიც – როცა სანადიროდ გავდივართ, ჩვენ გვეძლევა ტყვია-წამალი და ანაზღაურებაც, თუმცა ლიცენზიის შეჩერების გამო, ჩვენ არც ერთი აღარ გვაქვს და არც მეორე, ამიტომ ვერ გავდივართ ასეთ დროს ვერსად და ვერც ვერავის ვეღარ ვეხმარებითო”.
“სოფლის გამგებელს, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებელია და უნდა იცოდეს თუ რა ხდება ამასთან დაკავშირებით სოფელში, მიუხედავად ამისა, მაინც შევატყობინეთ ამ პრობლემის შესახებ და გამწარებული ხალხის გულისტკივილიც, მაგრამ შედეგი და რეაგირება არც ამას მოჰყოლია.
სანამ ქალაქის მერი ლიცენზიას გასცემს, მანამდე არც კაცის და არც საქონლის ჭაჭანება არ დარჩება სოფელში.” – აცხადებს ადგილობრივი.