სიგარეტის ნამწვის კვალი და დალურჯებები – 4 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დედა და მამინაცვალი დააკავეს

ძალადობა მცირეწლოვანზე – 4 წლის ბავშვი საკუთარი ოჯახის წევრების ძალადობის მსხვერპლია. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ბავშვის დედა და მამინაცვალი.

ტელეკომპანიის ცნობით, აღსაზრდელის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ბაგა-ბაღის დირექტორმა აღმოაჩინა. მცირეწლოვანს ფიზიკური ზეწოლის კვალი სახისა და სხეულის თითქმის ყველა ადგილზე ეტყობა, მათ შორის აღენიშნება სიგარეტის ნამწვით მიყენებული დაზიანებები.

ბაღის ადმინისტრაციამ ძალადობის ფაქტი პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დედა და მისი მეგობარი მამაკაცი დააკავეს.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ორი წლის ძმასთან ერთად დღეს თავშესაფარში გადაიყვანეს. ბავშვის ბებია “რუსთავი2”-ს უყვება, რომ დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მის შვილიშვილზე მამინაცვალი ძალადობდა.

“სიგარეტს მიშა ეწეოდა და ალბათ მან მიაყენა დაზიანებებიც, ჩემი შვილი არ ეწევა”- აცხადებს ბებია.

ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დედა და მისი მეგობარი მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. დანაშაულს არცერთი აღიარებს.

ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით გრძელდება. მცირეწლოვანს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, სასამართლო კი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share