გუშინ, 8 ივნისს Manifest.ge-ზე გაჩნდა პეტიცია „მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი“, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა შექმნეს. დღეს პეტიცია ვებგვერდზე აღარ იძებნება.
„ქართული ოცნების“ აქტივისტი შაკო კუჭაშვილი შეკითხვაზე, რატომ აღარ იძებნება პეტიცია , პასუხობს, რომ ვებგვერდი, სადაც პეტიცია იყო გამოქვეყნებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ეკუთვნის და „შესაძლოა მან წაშალა“.
„ეს მანიფესტი მართლაც გააკეთა ცნობილმა ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ, მაგრამ ეს საიტი manifest.ge არის „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის. ჩემი ვარაუდით, შეიძლება მან წაშალა”, – აღნიშნა მან „პუბლიკასთან“.
შეკითხვაზე აპირებენ, თუ არა რამე კამპანიის დაწყებას, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს მიენიჭოს ღირსების ორდენი, მისი თქმით, „საკამპანიო და აჟიოტაჟის ასაწევი საკითხი ეს არ არის“.