ცნობილმა ქართველმა მწერალმა და მოქანდაკემ გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილმა, რომლის წიგნებიც ნიუ-იორკის რჩეულ ბიბლიოთეკაში მარკ ტვენის, იულიამ ფოლკნერის, ერნესტ ჰემინგუეისა და სხვა გამოჩენილი ავტორების ნამუშევართა გვერდით, ღირსეულ ადგილს იკავებდა, თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. გიორგი პაპაშვილი, რომელსაც “გაამერიკელებულ ფიროსმანსაც” უწოდებდნენ, აშშ-ში 1920-იანი წლებში ჩავიდა. ემიგრანტს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მეუღლესთან თანაავტორობით დაწერილმა წიგნმა Anything Can Happen (“ყველაფერი შეიძლება მოხდეს”; აშშ-ში 1945 წელს გამოიცა, თბილისში კი – 1966 წელს), რომელიც ბესთსელერად იქცა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი 1,5 მლნ ეგზემპლარი გაიყიდა. 1952
წელს, წიგნის მიხედვით, ჰოლივუდში ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.
გიორგი პაპაშვილი 1898 წლის 23 აგვისტოს სოფელ კობიაანთკარში, ვანო და იამზე პაპაშვილების ოჯახში დაიბადა. მისი მონათხრობის მიხედვით, დედა ტრაგიკულად გარდაეცვალა. უსახსრობის გამო, მამამ სკოლაში ვერ შეიყვანა, ამიტომ ტყავზე მუშაობა და ხანჯლების კეთება შეასწავლა. სრულიად ახალგაზრდას I მსოფლიო ომში სნაიპერად ყოფნა მოუხდა. 1921 წელს, როდესაც წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა, გიორგი პაპაშვილი ჯარში მსახურობდა და მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. ორი წლის განმავლობაში კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა – თხრიდა ჭებს, მუშაობდა ტაქსის მძღოლად და ანატოლიის ველებზე ტახებზე ნადირობდა. ომის დასრულების შემდეგ, ამერიკის ვიზის შოვნა მოახერხა და ბედის საძებნელად, უცხო ქვეყანაში გაემგზავრა. რამდენიმე ღამე სიმონ სიდამონ-ერისთავის ოჯახთან ერთად, ნიუ-იორკში, ნაქირავებ ბინაში გაათენა, შემდეგ კი გეზი კალიფორნიისაკენ აიღო. მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად, მზარეულად, ლითონჩამომსხმელ საამქროში… ერთხანს ჰოლივუდშიც მოღვაწეობდა.
თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ, გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი და მომავალი თანაავტორი, ჰელენ უაიტი შეირთო. წყვილმა ჰელენის მზითევით პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა და გიორგიმ მამა-პაპის ხელობას – ხვნა-თესვას მიჰყო ხელი. ტანდემი შედგა და მალე მთელი ამერიკა მათზე ალაპარაკდა.
გიორგი პაპაშვილი ცნობილი იყო არა მხოლოდ მწერლობით, არამედ სკულპტურული ნამუშევრებითაც. ძირითადად, ცხოველთა სკულპტურებს ქმნიდა. 1979 წელს პენსილვანიაში მისი ქანდაკებების ფოტო-ალბომები გამოიცა. პაპაშვილი მოხსენიებულია მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიაში.
მეუღლეთა კალამს ეკუთვნის სხვა ნაწარმოებებიც: Dogs and People (1954), Home and Home Again (1973) და მრავალი სხვა. მათვე 1946 წელს გამოსცეს ქართული ხალხური ზღაპრების კრებული Yes and No Stories.
1960-იან წლებში, უცხოეთში გატარებული 40 წლის შემდეგ, გიორგი პაპაშვილი საქართველოში, მშობლიურ კობიაანთკარში დაბრუნდა. მწერალს თან ახლდა მეუღლე. თბილისში ყოფნისას პაპაშვილები მწერალთა კავშირს ესტუმრნენ და ქართველ მწერლებს შეხვდნენ. ჰელენ და გიორგი პაპაშვილებმა აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა ამერიკელ ხალხს უკეთ გაეცნო ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი კულტურა.
ერთ წელიწადში ათგზის გამოცემული Anything Can Happen, როგორც უკვე ვთქვით, ბესთსელერად იქცა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი რუსუდან ნიშნიანიძე აღნიშნავს, რომ ამ წიგნს იოსებ სტალინის ქალიშვილი – სვეტლანა ალილუევაც გამორჩეულად მიიჩნევდა. პროფესორმა პენსილვანიის შტატის ლიჰაის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილის არქივზე იმუშავა. მან უზარმაზარი საარქივო მასალის შესწავლის დროს, ბევრი უცნობი დეტალი აღმოაჩინა.
ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ჟურნალისტი ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც სამშობლოში დაბრუნებულ მწერალს პირადად შეხვდა და სახლშიც უმასპინძლა. AMBEBI.GE ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანს ესაუბრა.
ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანი:
– 1960 წელს დასასვენებლად სოხუმში ვიმყოფებოდი დეიდა ვენერა ბარამიძე-ურუშაძესთან (ცნობილია როგორც “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელი) ერთად და იქედან დაბრუნებულებს თბილისში დაგვხვდა ამერიკიდან ჩამოსული სტუმრები – გიორგი პაპაშვილი და მისი უმშვენიერესი მეუღლე. გაცნობისთანავე მათ თავიანთი წიგნი “ყველაფერი შეიძლება მოხდეს” მაჩუქეს, რომელიც უკვე მთელ მსოფლიოში იყო აღიარებული. ჩემმა მშობლებმა ჩვენი სტუმრების შესახებ შეიტყვეს და მთხოვეს საპატიო სტუმრები მათთან მცხეთაში ჩამეყვანა, რაზეც გიორგი პაპაშვილი და მისი მეუღლე სიამოვნებით დამთანხმდნენ. სანამ მცხეთაში ჩვენს სახლში მივიდოდით, მამულაშვილის ცნობილ ბაღს ვესტუმრეთ. ბუნებრივია, ბაღის ნახვამ ორივე ცოლ-ქმარი ძალიან მოხიბლა, ამ ბაღზე ხომ ძალიან ბევრი თქმულა და მთელმა საქართველომ იცის, რა საოცრებაც იყო! ბატონმა გიორგიმ შთაბეჭდილების წიგნი მოითხოვა, რადგან სურდა მასაც ჩაეწერა, თუ რამდენად აღფრთოვანებული იყო ნანახით. მახსოვს მისი სიტყვები: “მე დღეს უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ვესტუმრე ამ ულამაზეს ბაღს და დავტკბი ამ საოცრების ნახვით”.
ჩემს მშობლებთან როდესაც მივედით, იქ უკვე პატივსაცემ სტუმრებს მოეყარათ თავი – ირაკლი აბაშიძე, სტეფანე ჯაფარიძე, ოთარ ღუდუშაური, თავის მეუღლესთან ერთად, ასევე ბიძაჩემი, კომპოზიტორი ლევან ყარანგოზიშვლი. ჩვენს ეზოში მაშინ 30-მდე ჯიშის ვარდი ჰყვაოდა და ირგვლივ საოცარი სურნელი იდგა. იქვე აგიზგიზებულ თონეში პურები ცხვებოდა, დიდ აივანზე სუფრა იყო გაშლილი, როგორც ქართველებს გვაქვს ცნობილი გამოთქმა – სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა… მამამ თამადად ირაკლი აბაშიძე აირჩია. ირაკლი ბიძიამ ოჯახის სადღეგრძელოს შემდეგ ჩვენი სტუმრები – გიორგი პაპაშვილი და მისი მეუღლე ადღეგრძელა და დასძინა, დღეს ბედნიერი დღეა ამერიკაში სახელგანთქმულ მწერალს და მის მეუღლეს ვმასპინძლობთ, ბევრმა შეიძლება არც კი იცის, იგი რომ მეოცე საუკუნის ცნობილი მწერალი და თანაც მოქანდაკე გახლავთო. როგორც ირაკლი აბაშიძე ამბობდა, მაშინ უკვე პენსილვანიის ცნობილ მუზეუმებში გიორგი პაპაშვილის 600-მდე ნამუშევარი იყო განთავსებული და პენსილვანიაშივე, სკულპტორის უზარმაზარი ეზო მისი ნამუშვრებით იყო მოფენილი.
ყველამ გულითადად შესვა გიორგი პაპაშვილის სადღეგრძელო.
სკულპტორს სთხოვეს საქართველოშიც ყოფილიყო მუზეუმი მის მიერ შექმნილი ქანდაკებებით.
გიორგი პაპაშვილის მეუღლემ ძალიან მომხიბლა და გიშრის მძივი ვაჩუქე, რომელიც ტყიბულის საბადოდან იყო ჩამოტანილი. ბატონ გიორგის კი მამამ მოვერცხლილი ყანწი უსახსოვრა. დეიდა ვენერამ მწერალს “ვეფხისტყაოსანი” და ინგლისურ ენაზე გამოცემული ქართული ანთოლოგია გადასცა საჩუქრად. გიორგი პაპაშვილის მეუღლემ მთხოვა, შემეგროვებინა ყვავილებზე შექმნილი ლექსები, ზღაპრები, ლეგენდები და მისთვის გამეგზავნა. მისი თხოვნა შევასრულე, დავწერე წიგნი “ყვავილით შთაგონებული” და ამ წიგნის ნათლიად ქალბატონი ელენე ავირჩიე. გარკვეული დროის შემდეგ ამერიკაში მომიხდა ჩასვლა და სურვილი მქონდა პაპაშვილების ოჯახის მონახულების. ჩავედი პენსილვანიაში, მაგრამ სამწუხაროდ, ბატონი გიორგი ცოცხალი აღარ იყო…
“ყველაფერი შეიძლება მოხდეს” – წიგნი და ფილმის პოსტერი
კანადაში გავიცანი გიორგი ლოლუა, რომელმაც საინტერესო ამბები მიამბო გიორგი პაპაშვილის შესახებ და მითხრა, რომ მას იცნობენ, როგორც ემიგრანტს საბჭოთა კავშირიდან, მსოფლიოში გამოჩენილ მწერალსა და სკულპტორს. მის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, იქ ჩანს – როგორ მუშაობს გრანიტზე და მისი სიმღერა ისმისო. გიორგი ლოლუამ შესანიშნავი ლექსი წამიკითხა და მისახსოვრა, რომელიც გიორგი პაპაშვილს ეძღვნებოდა.
გიორგი პაპაშვილს ამერიკაში “გაამერიკელებულ ფიროსმანად” მოიხსენიებდნენ. ცნობილი ფალავანი კოლა ქვარიანი რომ გავიცანი, მან მითხრა, გიორგი პაპაშვილმა ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, სამი ნამუშევარი გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმსო.
დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში მეტი იცოდნენ გორგი პაპაშვილზე, როგორც სკულპტორზე. გული მწყდება, გიორგის და მისი მეუღლის სტუმრობის არცერთი ფოტო რომ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, მაშინ КГБ როგორ სდევნიდა ემიგრანტებს და ფოტოების გადაღება ვერც გავბედეთ.
მიგრაციის მუზეუმის დირექტორი, რუსუდან კობახიძე:
– დაახლოებით ხუთი წლის წინ ცნობილმა ჟურნალისტმა, რუსუდან წერეთელმა არაჩვეულებრივი საჩუქარი გამომიგზავნა. გზავნილში იყო გიორგი პაპაშვილის წიგნები, ძველი გამოცემები, ინგლისურ ენაზე – “ყველაფერი შეიძლება მოხდეს” და “კვლავ შინ”. ასევე გამომიგზავნა ის ქვა, რომლისგანაც პაპაშვილი თავის მინიატურულ ნამუშევრებს ქმნიდა. ორიოდე წლის წინ რუსუდან წერეთელმა მომწერა, რომ გიორგი პაპაშვილის მეზობლებმა სკულპტორის პორტრეტი გადასცეს. ცნობილია, რომ გიორგი პაპაშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა სამეზობლოსთან და დღემდე ძალიან სათუთად იხსენებენ მას და მის მეუღლეს. ფერწერული ტილო არის ძალიან საინტერესო. თავდაპირველად ამერიკელი მეზობელი ფიქრობდა, რომ ეს გიორგი პაპაშვილის ავტოპორტრეტი იყო.
რუსუდან წერეთელმა ასევე გადმომცა გიორგი პაპაშვილის დოკუმენტები, ნაწერები და რუკა… ახლა ვიცი, რომ კიდევ შეიძინა რამდენიმე ექსპონანტი და როდესაც თავად გვეწვეა, მუზეუმს პირადად გადმოსცემს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: