ამირან ქადეიშვილი: -„ოზურგეთი, სადაც ჩემი მაყურებელი მყავს, ჩემი განძია“

ოზურგეთის თეატრის სცენაზე, ფოტოებს შორის სხვაობა 25 წელი
ერთეულების ხვედრია 22 წლით მიატოვო სცენა და დაუბრუნდე დიდებით; საყვარელი თეატრის კიბეებზე საკუთარი სახელი ვარსკვლავად იხილო! ეს ისტორია ოზურგეთის თეატრში გათამაშდა მსახიობ ამირან ქადეიშვილის მონაწილეობით. მან 40 წელიწადი გაატარა სცენაზე, 120 როლი განასახიერა. გუშინდელივით ახსოვს 22 წლის წინანდელი, ბოლო როლიც.
ამირან ქადეიშვილი: „ – ეს იყო სპექტაკლი ეგ. ნინოშვილის „ოდესღაც აქ ადამიანს უცხოვრია“ (რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე), რომელშიც ვასრულებდი თითქმის ყველა გმირს. იმის შემდეგ ბევრმა ტყვიამ გადაიარა ჩემს თავზე…“
საყვარელ მსახიობს ოზურგეთში ტყვიებით მძარცველები „გაუმასპინძლდნენ“. სიკვდილს სამი თვე ებრძოდა, ამოცნობილ თავდამსხმელებსაც დიდსულოვნად შეუნდო; როგორც თავად ამბობს, „საიქიოდან მობრუნებული“ დაოჯახდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. სწორედ მისი მეუღლის, შესანიშნავი ფოლკლორისტის, ქალბატონი ალდონა ერქომაიშვილის დამსახურებაა, რომ ამირანმა სასიცოცხლო ძალები აღიდგინა, ფაქტობრივად, სული შთაბერა მეორე სიცოცხლისათვის. მოგვიანებით იტყვის კიდეც, ალდონამ მეორედ დამბადაო. შემოქმედებითად მეორედ დაბადებას კი გაცილებით მეტად დააგვიანდა. ქვეყანაში უმძიმესი ოთხმოცდაათიანი წლები იდგა. ბატონ ამირანს შესთავაზეს მთავარი როლი რუსთავის თეატრში, ლაშა თაბუკაშვილის სპექტაკლში „ათვინიერებენ მიმინოს“, სოხუმის თეატრში რეჟისორმა დათო ხინიკაძემ _ ალექსანდრე ჩხაიძის სპექტაკლში „შთამომავლობა“.
„ – იმ დროს მარჯანიშვილის თეატრში ამ პერსონაჟს გივი ბერიკაშვილი ასრულებდა. სწორედ ამ როლზე მიწვევდნენ, მაგრამ რატომღაც ვერ განხორციელდა. კიდევ რამდენიმე შემოთავაზება არ შედგა, მათ შორის, ისევ სოხუმის თეატრში, „ღალატში“ -ანანიას როლი ვერ შევასრულე. უცხო სცენის შემეშინდა. მერე მცირე ბიზნესშიც ამოვყავი თავი, ესეც ხელისშემშლელი ფაქტორი იყო“.
ოზურგეთის თეატრის მსახიობს საუკეთესოდ მიიჩნევდა ქალბატონი ვერიკო ანჯაფარიძე, რომელმაც არაერთხელ ურჩია მავან თანადებობის პირებს, რომ ამირანისათვის დამსახურების ცენზი მიენიჭებინათ. ოფიციალურმა აღიარებამ მის ცხოვრებაში დაიგვიანა. ფილმებში ხშირად იღებდნენ. ქართული კინემატოგრაფიის ვებგვერდზე მისი მონაწილეობით თვრამეტი ფილმის მოძიება შეიძლება, ისე კი, ოცდაათამდე კინოროლი ითამაშა:
-„ვიმუშავე ოთარ იოსელიანთან (ფრანგულ-ქართულ ფილმში) ერთ-ერთი ეპიზოდური როლი, ნიკო წულაძის „სათნოებათა კიბეში“ ქადაგის როლი; რევაზ ჩხეიძესთან, „ქრისტეს საფლავზე დანთებული სანთელი“ გმირის მამა ვითამაშე; გადამიღეს მაგთის სარეკლამო რგოლში, რომელმაც ერთ-ერთ კონკურსზე პირველი პრიზი დაიმსახურა; ასევე, გიორგი შენგელიასა და მიხეილ ჭიაურელის (უმცროსი) ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ -ხირხალას როლი…
პირველი მერცხალი და სიყვარული ყველას უნდა
ბატონო ამირან, ეს ფილმი რომ არ გეხსენებინათ, მაინც უნდა მეკითხა… მაყურებელს ხირხალა მოსწონს. იგი თქვენი რჩეულიცაა?
– ეს ჩემი საეტაპო პერსონაჟი გახდა. არადა, მაგაზე უკეთესი როლები მაქვს ნათამაშევი (მაგ., 1976 წელს _ „იტალიამდე არც ისე შორია“). გიორგი შენგელაიამ რამდენიმე სინჯი გააკეთა და უკონკურსოდ დამამტკიცა. ასევე სინჯის გარეშე დამამტკიცა როლზე ნიკოლოზ სარიშვილმა „მოსფილმში“ გადაღებულ ფილმში („სახლი ლესნაიაზე„). „სიყვარული ყველას უნდა“ ხშირად გადის ქართულ არხებზე და მისი პოპულარობის ერთი მიზეზი ესეცაა. ჩემი კინოროლებიდან ყველაზე უფრო მომწონს ლ. ტოლსტიოს მიხედვით გადაღებული „კავკასიელი ტყვე“ (რეჟისორი გიორგი კალატოზიშვილი), რომელშიც მე და გივი ჩუგუაშვილი მთავარ როლებს ვთამაშობთ.“
გურულ „კახელს“ მოსწავლეობის ერთი წელიწადი გურჯაანში გაუტარებია, მამიდასთან, რადგან მელექედურის სკოლიდან რიცხავდნენ თურმე დირექტორთან შეუთანხმებლად ანსამბლში ცეკვისათვის. ხელოვნების სიყვარულით კი როგორც ეტყობა გენეტიკურად „მოწამლულა“, დიდი ბებია, ანა ნაკაშიძე, გურული თავადის ქალი, ოზურგეთის თეატრის მსახიობი ყოფილა მე-19 საუკუნის მიწურულს.
კიდევ ერთი კურიოზი საბჭოთა საქართველოდან:
„ -მე ვცხოვრობდი მელექედურში, სოფელში. კომუნისტური რეჟიმის დროს, სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა გინდა თუ არა, სოფლის კოლმეურნეობაში უნდა დაგეწყო ან ნებართვა გეთხოვა სხვა საქმიანობისათვის, რაც არ გამიკეთებია… ბეჟან ნაკაიძეს, თეატრის დირექტორს მიადგნენ ერთ დღეს სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და პარტიის მდივანი ულტიმატუმებით, როგორ მიიღე ქადეიშვილი ჩვენი ნებართვის გარეშეო. ბატონ ბეჟანს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მიხსნა, თორემ კოლმეურნეობაში მიპირებდნენ წაყვანას.“
– თქვენი შემოქმედებითი გზის დასაწყისის შესახებ გვიამბეთ.
„ – თეატრში ჩემმა ნათესავმა, ოზურგეთის თეატრის მსახიობმა ნიკოლოზ (კოკი) ღლონტმა წამიყვანა. მისი წყალობით მოვხვდი აქ 16 წლის ასაკში. სცენის მუშად გამამწესეს. თეატრში მოსვლიდან სამ თვეში სცენაზე „ავინაცვლე“. 18 წლისა გრიშა ლაღიძემ მათამაშა „დაჭრილ არწივში“ ერთ-ერთი მთავარი როლი – ყაჩაღი თაყა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო სახე იყო. სპექტაკლი თბილისში დეკადაზე ჩავიტანეთ და ოზურგეთის თეატრის ბილეთებს გადამყიდველები ყიდდენ. სპექტაკლის შემდეგ სცენაზე გიორგი შავგულიძე ამოვიდა. გადამეხვია და მითხრა, ყოჩაღ, ბიჭო, მეც მინდოდა მაგ გმირის თამაში და მეორე ყაჩაღის როლი მომცესო. ჩემთვის ეს უდიდესი აღმაფრენა იყო. ოზურგეთის თეატრში 120 მთავარი როლი ვითამაშე 40 წლის განმავლობაში. ყოველ თვეში პრემიერა იმართებოდა. გამოვარჩევდი 15-20 სახეს, რომლებსაც ახლაც კი სიამოვნებით გავიმეორებდი. ძალიან კარგი პარტნიორები მყავდა ოზურგეთის თეატრში. ვთამაშობდი ლამარა თურმანიძესთან ერთად, რომელსაც მეორე ვერიკოს ეძახდნენ; ევტროფი თალაკვაძე იმხელა დიაპაზონის მსახიობი იყო, რომ ხორავა, ვასაძე, ჟორჟოლიანი იჩოქებდნენ მის წინაშე. მას შეეძლო საღამოს ხევისბერი გოჩა ეთამაშა, დილით -ყვარყვარე. თეატრალური ინსტიტუტის ცნობილი პროფესორი ალექსანდრე მიქელაძე, რომელსაც ადვილად არავინ მოსწონდა, ამბობდა, რომ სულ ორი მსახიობია თანამედროვე მსოფლიოში მიხოელსი და თალაკვაძეო. წარმოიდგინეთ, მიხოელსი ხომ მეოცე საუკუნის უდიდესი მსახიობი იყო! ამხელა მსახიობებთან გავიზარდე. ჩემი სკოლა ეს იყო”.
სპექტაკლი “მინდია”, დედა- ლამარა თურმანიძე, მინდია- ამირან ქადეიშვილი
– თქვენს პროფესიულ დაოსტატებაში უმთავრესი როლი რა ფაქტორებმა ითამაშა?
– ბედმა გამიღიმა, რომ გრიშა ლაღიძესთან მოვხვდი. შემდეგ იყო რეჟისორი, შესანიშნავი პედაგოგი, თენგიზ ყანდინაშვილი, რომელიც მოსკოვის სამხატვრო თეატრში მუშაობდა; მერე გრიგოლ ჟურული, მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი; ლერი პაქსაშვილმა სამი წელიწადი იმუშავა ოზურგეთის თეატრში; შედეგ გურამ აბესაძე… ალექსანდრე მაცხონაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე და ა. შ. ჩვენი თეატრისათვის ოქროს ხანა იყო სამოციანი წლები _ შესანიშნავი რეცენზიები იწერებოდა. „ბაფთიანი გოგონა“ საუკეთესო სპექტაკლადაც აღიარეს 1963 წელს. საქართველოს ტელევიზიით აჩვენეს ჩიგოგიძის „მეცამეტე თავმჯდომარე“ 1981 წელს. დიდმა საზოგადო მოღვაწემ, აკაკი ბაქრაძემ ბევრი კომპლიმენტი მითხრა ამ სპექტაკლისათვის, რაც ჩემთვის დღესაც მნიშვნელოვანია. იგი წერდა: „რამდენიმე წელიწადია ამირან ქადეიშვილს თვალს ვადევნებ, ნებისმიერ სცენას დაამშვენებდა მისი ნიჭი და ტალანტი“. სპექტაკლში „მეთერთმეტე მცნება“ ჩემი პარტნიორი ლამარა თურმანიძე იყო, უდიდესი მსახიობი. უნგრეთის საერთაშორისო ფესტივალზე საერთაშორისო პრემია მივიღეთ. არსებობდა ჩვენი სპექტაკლების ტელეჩანაწერები, რომლებსაც საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი პაატა ფანცულაია ინახავდა დიდი რუდუნებით, სამწუხაროდ, მისი სამსახურიდან წასვლის შემდეგ ეს უნიკალური არქივი განადგურდა.
– ოზურგეთის თეატრის მმართველის ზაზა ჯინჭარაძის მოწვევით 2012 წლის შემოდგომაზე თქვენ კვლავ გამოჩნდით საყვარელ სცენაზე…
– 22 წელი სიცოცხლის მეოთხედია. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, როცა ოზურგეთის თეატრის სცენაზე გამოჩენისთანავე ტაშით დამაჯილდოვა მაყურებელმა. ალბათ, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს ცხოვრებაში. მთელი ღამე ვფიქრობდი: „ნუთუ ამდენი გავაკეთე ამ თეატრში, რომ მაყურებელს კიდევ ვახსოვარ?!“ თუ ასეთი დღეები კიდევ განმეორდება, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება. სურვილი მაქვს, რომ სხვა სპექტაკლშიც ვითამაშო. ჯერ კიდევ შემწევს ძალა, ვიმუშაო სცენაზე. ბედნიერი ვარ, რომ გაჩნდა ახალი პერსპექტივა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ოზურგეთის თეატრის მმართველს, ზაზა ჯინჭარაძეს“.
ბრძანდებით საქართველოს დამსახურებული არტისტი ,2012 წლის 27 აპრილს თეატრის კიბეებზე საქართველოს სახალხო არტისტის გაბრიელ მდინარაძის, რეჟისორ ვასილ ჩიგოგიძისა და ამირან ქადეიშვილის ვარსკვლავები გაიხსნა. საქართველოში ეს თბილისის გარეთ ვარსკვლავის გახსნის პირველი შემთხვევა იყო.
რას გრძნობდით მშობლიური თეატრის წინ საკუთარი ვარსკვლავის გახსნისას?
– მე არ ვარ კმაყოფილი ჩემი როლებით და სატრაბახოც არაფერი მაქვს. ვარსკვლავი, ალბათ, ჩემი შემოქმედების დაფასებაა. თითქოს თავიდან დავიბადე, ისეთი აღმაფრენა მქონდა. ჩემი სახელი რჩება საყვარელი თეატრის კიბეებზე. დიდი მსახიობი, მიხეილ ულიანოვი ამბობს: „მსახიობის ცხოვრება ტბაში შეცურებულ ნავს ჰგავს. უცებ გააპობს ტალღებს, ააქაფებს, გაივლის. წყნარდება ყველაფერი და ისიც ავიწყდება ყველას.“ თეატრის სცენაზე შესრულებული ჩემი როლები დღეს არავის ახსოვს. მხოლოდ კინო რჩება.
ვარსკვლავი 2012 წ.
– თქვენი წარმატების გასაღები?
– პროფესიის სიყვარული, თავდადება და დიდი შრომა; ბევრი კითხვა, განათლება; შინაგანი ინტუიცია, რომლის გამომუშავებას არანორმალური შრომა სჭირდება. კარგი მსახიობი სადაც უნდა იყოს, თავის როლზე ფიქრობს. ბევრი უძილო ღამეა საჭირო. მსახიობმა დაღლილობის გამო არ უნდა იწუწუნოს, ყოველგვარ სიტუაციაში გაუძლოს შრომას; რა თქმა უნდა, ნიჭიც.
იღბალი? არსებობს იგი, როგორც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი?
– არსებობს. ეს რომ არა, ევტროფი თალაკვაძე კინოს მიღმა არ დარჩებოდა. რატომღაც ვერ დაინახეს მაშინდელმა რეჟისორებმა. იღბლიანი ვარ-მეთქი, რომ ვთქვა, სიმართლე არ იქნება. მე დამიძახეს „მთვარის მოტაცებაში“ არზაყანის როლზე, რადგან ოთარ მეღვინეთუხუცესმა უარი თქვა. იგი რუსთავის თეატრში აპირებდა თუმანიშვილის სპექტაკლში თამაშს, მაგრამ ის პროექტი ჩაიშალა და ოთარი დაბრუნდა. ამ დროს მე დამტკიცებული ვიყავი როლზე, არზაყანის ტანსაცმელიც შემიკერეს. ოთარის დაბრუნების შემდეგ რეჟისორმა თარაშ თარბას როლზე დამნიშნა. მაშინ მე ოზურგეთის თეატრის მსახიობი ვიყავი. არზაყანი რომ მეთამაშა, შესაძლოა, სულ სხვა გზით წასულიყო ჩემი ცხოვრება. შეიძლება, არაფერი მომხდარიყო… იღბალი ნამდვილად არსებობს.“
– პირად ცხოვრებაში ხართ იღბლიანი?
– პირად ცხოვრებაში მქონდა ძალიან ცუდი და ძალიან კარგი წლები. პირველი მეუღლე გარდაცვლილი მყავს. ბევრ როლზე უარს ვამბობდი მეუღლის ჯანმრთელობის გამო. „ციმბირელი პაპის“ გადაღებაზე რვა თვე ვიყავი წასული; „სახლი ლესნაიაზე“ – წელიწადნახევარი, მერე კიევში გამომიძახეს და უარის თქმა მომიწია, მაგრამ იყო გამონათებები ჩემს ცხოვრებაში. ასაკში ვიყავი, როცა მეორედ დავქორწინდი, ერქომაიშვილების სიძე გავხდი(ქალბატონი ალდონა და ბატონი ანზორი, ცნობილი ლოტბარი, და-ძმა გახლავთ. ლ.კ. კარგი მეუღლე შემხვდა. თავგამოდებული და ყურადღებიანი. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სიკვდილს ძლივს გადავურჩი, იმავე წელს დავქორწინდი. შემდეგ გულის ოპერაციაც გამიკეთეს და ეს განსაცდელი სწორედ ჩემმა მეუღლემ გადამატანინა. მან მეორე სიცოცხლე მაჩუქა. ჩემს შვილებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს“.
ქალბატონი ალდონა ერქომაიშვილის კეთილშობილებით მართლაც ბევრი მოხიბლულა. იგი მეუღლის შეფასებისას უხერხულობას გრძნობს, ისევე როგორც მისი მეუღლე – საკუთარ თავზე ლაპარაკისას.
ალდონა ერქომაიშვილი: „ამირანი ნიჭიერი შემოქმედი, წესიერი ადამიანი, კარგი მეუღლე, კარგი მოქალაქეა. განსაკუთრებით ის მომწონს მასში, რომ თავისი საქმის ერთგულია. მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნის დღე ჩემთვის უბედნიერესი იყო“.
საუბარში ბატონი ამირანი ერთვება: „ყველა ჯილდოზე აღმატებულია ხალხის სიყვარული. ბედნიერი ვარ, რომ ამას ვგრძნობ. ახლაც ყველა მცნობს, ძირითადად, ხირხალას გამო, არადა, 30 წლის წინათ ვითამაშე ეს როლი.
– რა არის თქვენთვის ყველაზე მთავარი ფასეულობა?
– მთავარია, მოყვასის სიყვარულით იცხოვრო, შურისძიებაზე არ ფიქრობდე. იმ ადამიანსაც ვაპატიე, რომელმაც, ფაქტობრივად, მომკლა. მას პატიება არ უთხოვია. თავისი სასჯელი მოიხადა. არასოდეს მინდოდა მისთვის სამაგიეროს გადახდა. მე ღმერთმა გადამარჩინა, მასაც ღმერთმა მიუტევოს. ჩემი განძია საყვარელი მაყურებელი. მინდა გურია აღორძინდეს და აქეთ მომიხაროდეს. თბილისშიც კი ნებისმიერ გურულთან შეხვედრა ძალიან მახარებს. ზოგი ამას პროვინციალიზმს ეძახის, დაე, იყოს ეს პროვინციალიზმი ჩემში. ყველა კუთხე მიყვარს, მაგრამ გამორჩეულად _ გურია. ოზურგეთი, სადაც ჩემი მაყურებელი მყავს, ჩემი განძია.
პ.ს. ბატონი ამირანის ჯილდოებს 2018 წელს დაემატა ჯილდო “ხელოვნების ქურუმი”.
85 წლის იუბილეზე სამი დღის განმავლობაში ხმაურობდა სახლის ტელეფონი და მობილურები.
ესაა მსახიობის დიდი სიხარულის მიზეზი – ხალხის აღიარება და სიყვარული.
ესაუბრა ლია კილაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share