თუ აუცილებელ შესავლად უნდა ახლდეს ამ სიტყვებს და ალბათ უნდა ახლდეს, ბარემ დასაწყისშივე დავურთავ: – ძალადობა დანაშაულია და უნდა დაისაჯოს! – სიძულვილი არის სირცხვილი და ადამიანად ყოფნის უარესი ნიშანი! – სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი! ნებისმიერი ადამიანი! ამ წინანადების გაგრძელება, სიტყვით ,,მაგრამ” – არის თოკი უფსკრულისკენ. ეს ჩემგან ისედაც იცოდით. ცხადად. და საქმითაც. მწირი, მაგრამ შეძლებისდაგვარი საქმით. როგორც რიტორიკაშია, ვთქვათ ისიც, რომ ნათქვამი ყველას არ ეხება, მაგრამ ის, ვისაც არ ეხება, არის ცოტა, ძალიან ცოტა. და აი, რა მინდა ვთქვა: ჩემო ძვირფასო და ყოვლადშესანიშნავო მეგობრებო, თქვენ გგონიათ რომ აი, გუშინ რომ სოფელში ვიყავი, მაგალითად – გიორგეთში ან ხვალ რომ წავალ – მაგალითადვე – საკურცე – მცხოვრები ადამიანები, ყოველდღიური ფიქრით, მაინცდამაინც ვინმეს დაჩაგვრას მიესწრაფვიან – არა, რა თქმა უნდა. ამ ხალხის დილაც და საღამოც – ყოველდღიური შრომაა, თავჩახრილი შრომა და ღიღინი. გადარჩენის და იმედის საქმე. მაგრამ ისინი ჩვენ არ გვიცნობენ. ვარსებობთ და არც. თითქოს პარალალური სამყაროებია და რა გასაკვირია, რომ ის რაც უცხოა, მერე მტრულდება კიდეც – თუ ვინმე მონდომებულის მხრიდან, ამის ,,სურვილი” დაიბადა. ბევრი თქვენგანისთვის ქართული სოფლები ხევის ტრაფარეტით იწყება და შორაპნის წარწერით მთავრდება – ბათუმისკენ მიმავალ გზაზე. ზოგიერთი, უფრო მონდომებული, მანქანას სოფლის სკოლის შენობის შესასვლელთან გააჩერებთ, ფეხსაცმელზე ტალახი რომ არ წაგეცხოთ, საათიან ტრენინგს – ,,არა ძალადობას” და ,,დიდება თანასწორობას” ჩააბულბულებთ, ოღონდ იქ შეკრებილ ხალხს კი არა, საკუთარ თავს ელაპარაკებით. მერე ხელს არ იბანთ ,,იქაური” საპნით, ძროხისსუნიანის დანაბანიაო (გგონიათ, ვიტყუები? – ვინც შეძლებთ, ცხადია, პიროვნების დასახელების გარეშე – ჩადით ხულოში და რომელიმე სოფლის მცხოვრები მოგიყვებათ) და იკითხავთ: ,,სადმე ახლოს ცოტა ისეთი, ნორმალური სასტუმრო არ არის, რომ დაძინება შევძლო?” ამ ქვეყანას ერთამენთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა, ადამიანის ძებნა და განვითარება. გრძელი ამბავია? ,,მაი, როის იქნება?” იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ. უნდა დაველოდოთ? არა, უნდა ვიმოქმედოთ. ჩემს წერილს სხვადასხვა სააგენტოში ექნება სხვადასხვა სათაური – ამოჩეხილი და ისეთი, როგორიც მათთვის საჭიროა. მიუხედავად უკიდურესი სიცხადისა, შეტრიალდება ქოთნის ყურად და ეს ყური იქირქილებს ისე, როგორც მას აწყობს. მაგრამ ახლა ეს ჩემთვის სულერთია. მე ერთი რამ ვიცი – ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა, უკეთესი იყოს. ამისთვის ვაკეთებ ძალიან, ძალიან ცოტას, თუმცა ვაკეთებ დღისით და ღამით. შეუსვენებლად. ამიტომაც ვწერ აქ იშვიათად და მით უფრო ტელევიზიით ნაკლებს ვლაპარაკობ. ეს უბრალოდ ჩემი გზაა – განა გამორჩეული ან უკეთესი – უბრალოდ ჩემი. სხვამ იმ გზით უნდა ეცადოს, რაც ჩემზე უკეთ შეუძლია. მალე გამოჯანმრთელება დაშავებულ ადამიანებს. გაცილებით უკეთეს დღეებს გისურვებთ ყველას. მაინც იმედით:
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze