ხვალ ჩემი დაბადების დღეა. თუმცა ეს არ არის მთავარი ამბავი. დღეს, მნიშვნელოვან საჩუქრად, ჩემი ზღაპრების ახალი წიგნი გამოვიდა – თომას და მეგობრების განსხვავებული თავგადასავალი. ესეც ნაწილობრივაა მთავარი. წიგნი ბავშვებზეა, რომელთაც არ უნდა შიოდეთ და დიდებზე, რომელთაც დაავიწყდათ, რომ ოდესღაც ბავშვები იყვნენ. გამოსცა საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ. მცირე წინასიტყვაობები გურამ პეტრიაშვილს და ზაალ ჩხეიძეს ეკუთვნით.
მთავარი ამბავი კი ის არის, რომ მხატვარი, ნიკოლოზ ლოლაძეა – 11 წლის უნიჭიერესი ბიჭი. კიდევ უფრო მთავარი ამბავი კი ის, რომ ამ წიგნის დაწერა მისმა ბებიამ, მაია რამიშვილმა შთამაგონა. და მთავარზე კიდევ უფრო მთავარი – რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ცხრა აპრილს, მაიას შვილი – ირაკლი ლოლაძე გარდაიცვალა. დღეს მე და მაია ერთად ვმუშაობთ ტელევიზიაში. ერთად ვაკეთებთ რუბრიკას და ვაკვირდები, მაიას ჩრდილი, ჩვეულებრივი ადამიანის ჩრდილზე დიდია – ეს ჩრდილი მის სხეულსაც აქვს, მზერასაც და სიტყვასაც. ამ ჩრდილს ირაკლი ჰქვია. ასე, ერთი, იოლი შეხედვით არ იგრძნობა – მაია მუშაობს დაუღლელად, დიდი ცოდნით და ღიმილით. დრო რომ გავა, თუ მოინდომე, ამ ჩრდილს მერე დაინახავ. უფრო დააკვირდები და იმასაც შეამჩნევ – მაია კი აღარ არის, მხოლოდ ეს ჩრდილია.
დღეს სწორედ მას ეძღვნება წიგნი – მადლობა ამ დიდი გაძლებისთვის და მაგალითისთვის – ძალა მისცე სხვას, თვითონ ძალაგამქრალმა.