30 და 31 მაისს, 18. 00 საათზე ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე სეზონის მეხუთე სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.
ედუარდო დე ფილიპოს ცნობილი და პოპულარული კომედიური ჟანრის პიესა „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ თეატრის რეჟისორმა ოთარ კუტალაძემ დადგა.
სპექტაკლზე მხატვარმა თამაზ დარჩიამ იმუშავა, კოსტიუმების მხატვარია გია გვიჩია, ხოლო ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია.
საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობენ: მარიკა ასათიანი, კობა ახალაძე, ციცი ბუცხრიკიძე, შორენა გვეტაძე, ანი გოდერძიშვილი, ირაკლი ვადაჭკორია, თემურ კვირკველია, თეა კეჭაყმაძე, ალექსანდრე ლომიძე, ლია მარტიაშვილი, გენადი ნიკოლაშვილი, ლევან საღინაძე, გიორგი ჩავლეშვილი, ზვიად ჯორბენაძე, ნინო ჯუღელი.
„ედუარდო დე ფილიპოს კომედია გამსჭვალულია დემოკრატიულ-ჰუმანური იდეებით. მასში ავტორის სიმპათიებითა და თანაგრძნობით წინა პლანზეა შრომისმოყვარე, უბრალო ადამიანები. პიესაში ოსტატურადაა, კომიკური შეფერილობითაა ნაჩვენები როგორი ზემოქმედება შეუძლია ომის სისასტიკეს და გაჭირვებას უნებისყოფო ადამიანებს მორალსა და ზნეობაზე.“ – აცხადებს რეჟისორი ოთარ კუტალაძე.
იტალიელი მწერალი დ. რეა ამ პიესის სცენური ინტერპრეტაციის ნახვის შემდეგ წერდა: „ადამიანი, ვისაც სინდისი სუფთა არ აქვს, დე ფილიპოს სპექტაკლის ნახვის შემდეგ შემცბარი და კუდამოძუებული მოდის შინ, თითქოს ვინმეს გაეწკეპლოს.“
7, 8 და 19 ივნისს, მორიგი საპრემიერო წარმოდგენა ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება. სპექტაკლი, სახელწოდებით „ვერნისაჟი“ აბსურდის კომედიაა ჟანრობრივად, რომელსაც ვაცლავ ჰაველის მიხედვით, ახალგაზრდა რეჟისორი მამუკა ბაბილოძე დგამს. სპექტაკლში სამი მსახიობი: თამარ მდინარაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი და გიორგი ჩავლეშვილი მონაწილეობენ.
წარმოდგენის შესახებ, რეჟისორი მამუკა ბაბილოძე თავის მოსაზრებას გვიზიარებს: „ტოტალიტარული რეჟიმის შედეგად ყოფიერებაში თავით ჩაფლული ადამიანი, თუ რა ადვილად ხელში ჩასაგდებია“. ასე ეწერა ვაცლავ ჰაველის პიესის „ვერანისაჟი“ ერთ-ერთ გვერდზე, რომელსაც სტუდენტობის დროს ვამუშავებდი და ნაწყვეტი დავდგი კიდეც.
ძირითადი იდეა და სათქმელი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა გამოცდილება და და ფორმა იმ სამყაროს, რომელსაც იმ დროს წარმოვიდგენდი.
ეს პიესა პირში წყლის დაგუბებაზეა, როდესაც შენში უამრავი პროტესტი და ვნება ჩაკლეს. სიკვდილის პირასაა არა თუ ბრძოლის უნარი, არამედ საერთოდ აზრი და იდეა ბრძოლისთვის…“
ლია კილაძე, თატრის პრეს სამსახურის უფროსი