გაზეთი ცნობის ფურცელი 1902 წელი 24 მარტი ბ. ფილიმონ ქორიძე და მისი ქორო
ბ. ქორეძემ მუსიკალური განათლება მიიღო იტალიაში – მილანის კონსერვატორიაში; იქვე დაიწყო არისტული მოღვაწეობა და სახელი გაითვა ძლიერი ხმით (ბასი). 15 წლის შემდეგ ფილიმონ ქორიძე დაბრუნდა სამშობლოში და ცოტა ხანს აქაც მსახურებდა სცენაზე; შემდეგ თავი დაანება ოპერასა და შეუდგა ქართულ სიმღერა-გალობის შესწავლასა, ნოტებზე გადაღებასა და სწავლებას. მეტად საპატიოა ამ მხრით ქორიძის მოღვაწეობა. მისი მეცადინეობით საეკლესიო გალობა დასავლეთ საქართველოს კილოზე სამუდამოდ უზრუნველყოფილ იქმნა დაკარგვისაგან: გადაღებული იქმნა ნოტებზე და სამი წიგნი კიდეც დაიბეჭდა და გამოიცა. უწინ თუ საეკლესიო გალობის სწავლება გაძნელებული იყო მით, რომ მსურველს უნდა ეძებნა მცოდნე და დიდის გაჭირვებით ესწავლა, ეხლა ნოტების წყალობი ეს გაადვილებულია და სწორ გზაზე დაყენებული. საეკლესიოსთან გაობასთან ერთად ბ. ქორიძე საეროსაც ენერგიულად იძიებდა და გადაჰქონდა ნოტებზე. წ. კ. გამავრცელებელმა საზოგადოებამ კიდეც გამოსცა პატარა კრებული სიმღერებისა, რომელშიც ვგონებ 9 ნაჭერია მოთავდებული. როგორც გადმოგვცეს, ბ. ქორიძეს ბევრი აქვს ჩაწერილი საერო ხმა, მაგრამ სამწუხაროდ გამომცემელი ვერ უშოვია. გარდა ამისა ბ. ქორიძე მასწავლებლობს კიდეც. ერთ ხანს (მე-80 წლების დასაწყისში) ის იყო გალობის მასწავლებლად ქუთაისის სავაჟო გიმნაზიაში; შემდეგ კი გალობა-სიმღერის კერძო გაკვეთილებს აძლევდა და ახლაც ამ ასპარეზზე მოღვაწეობს. ბოლო წლებში ბ. ქორიძემ ქართველ მომღერალთა გუნდი შეადგინა და ყოველ წელს მართავს კონცერტებს, რომელსაც სიამოვნებით ესწრება ჩენი საზოგადოება. კონცერტი იქნება აგრეთვე გამართული შაბათს, 30 მარტს; პროგრამა ამ კონცერტისა ფრიად კარგია და საზოგადოებას შემთხვევა ეძლევა დასტკბეს ახალი სიმღერების კარგი შესრულებით.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა