ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და იმ პირობების შესრულების შესაძლებლობაზე საუბრობენ, რომელიც ევროპამ საქართველოს დაუსახა.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობის არსებობის შემთხვევაში პირობების შესრულება 3 თვეში იქნებოდა შესაძლებელი.
“ჩვენ, ოპოზიცია, რომ ვყოფილიყავით ახლა ხელისუფლებაში და ამხელა მარცხი მიგვეღო საერთაშორისო ასპარეზზე, ეს ნამდვილად იქნებოდა პასუხისმგებლობის საკითხი. დემოკრატიის მმართველობის ფორმაა ქუჩაში აქციაზე გამოსვლა ხალხის. უნდა გამოვიდეთ ძალიან ბევრი, ხელისუფლებამ რომ იგრძნოს, რომ ხალხის ნებას ასცდა. მიუხედავად მათი ბუნებისა, რომ არ უნდა ენდო მათ. მაინც მზად ვართ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შანსი მივცეთ ერთმანეთს და დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი ევროინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პარტია “ლელო საქართველოსთვის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი გრიგოლ გეგელია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს:
“არსებობს შესაძლებლობა, რომ კომისიის დასკვნაში გარკვეული რევიზია იქნას შეტანილი, ამის პრეროგატივა გააჩნია ევროპულ საბჭოს.
თუ ჩვენ ამ პერსპექტივას 24-ში უკვე საბოლოოდ დავკარგავთ გარკვეული წლებით, ჩვენ უკვე დაგვიდგება ძალიან მარტივი არჩევანი. ან ამ ყოფაში დარჩენა უპერსპექტივოდ და უმომავლოდ, ან ბრძოლა იმ პერესპექტივისთვის რომელიც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ შეიძლება იყოს მართვის სადავეებთან,” – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.