ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შტატები მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან. მისი თქმით, გაწევრიანების პროცესის დეტალები და ვადები, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაა.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გამოხატავდნენ დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის, უფრო მჭიდრო სიახლოვის სურვილს. შეერთებულმა შტატებმა იმუშავა ამ სამივე ქვეყანასთან, რათა დახმარებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის განვითარებაში, ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაში, და ჩვენ გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას მომავალშიც”, – თქვა ნედ პრაისმა.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია, ხოლო საქართველოსთვის მხოლოდ კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 24 ივნისს მიიღებს.