ექს-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ისტორიის დამახინჯებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნახსენებ ეპიზოდს, რომელიც ზეწოლის ფონზე „ქართუდან“ კადრების გადინებას შეეხება.
„ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები“, — ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის წერილობით კომენტარში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საუბრობს ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე და ამავდროულად ამბობს, რომ ოლიგარქიაზე საუბარი შეურაცხმყოფელია.
წერილში ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2011-12 წლებში ზეწოლის პირობებში ზოგიერთმა „ქართუ“ დატოვა.
„მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ „ქართუს“ სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, — მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, — ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია“, — წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
netgazeti.ge