“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, კატა-თაგვობანას თამაში უნდა დასრულდეს და თუ აშშ-ის მხრიდან სანქცირებულია, ყველაფერს თავისის სახელი დაერქვას.
მისივე განცხადებით, სამწუხაროა, როდესაც “დაუსაბუთებლად” ილანძღება. ჩხიკვაძე არ ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე რაიმე ფორმით სანქციის ქვეშაა.
კითხვაზე, რატომ მიაწოდა მან წერილი “რუსთავი 2”-ს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეა ჩხიკვაძე ამბობს, რომ მისი შეფასებით, ეს ტელევიზია ნეიტრალურია.
“ეს იყო საელჩოს წარმომადგენელი, შეხვედრა შედგა სასამართლო შენობაში, ბატონი კევინი. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მე შეხვედრა უნდა მქონოდა ამერიკაში დასაგეგმ ვიზიტთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად მისაღები ფორმაა და სხვა კოლეგებთანაც ჰქონდათ ასეთი ტიპის შეხვედრა. თუმცა შეკითხვები, რაც იქ მოვისმინე ეხებოდა ასე ვთქვათ საელჩოს დაინტერესებას რატომ მივედი გამამტყუნებელ ვერდიქტამდე და მით უფრო რატომ გამოვიყენე ასე ვთქვათ საპატიმრო ღონისძიება. გარკვეულწილად მინიშნებები გაკეთდა, რომ ჩემი ამ პერიოდში ვიზიტი ძალიან არასასურველი იყო და ბუნებრივია მე ხომ ჩხუბს არ დავიწყებდი იქ, მივიღე ეს საკითხი იმ მოცემულობით, როგორც მივიღე.
აქვს რაღაცეებს ყველაფერს საზღვარი, მე პირდაპირ ვთხოვ, თქვენც შეგიძლიათ ქალბატონ ელჩს დაუსვათ შეკითხვა, ეს მოცემულობა მივიღოთ როგორც მოსამართლის სანქცია, თუ ეს ასეა, მოდით დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი, არის ეს სანქცია, მივიღებ ამას როგორც სანქციას. ეს რაღაც კატა-თაგვობანას თამაში, დიდი თხოვნა მაქვს, დაასრულონ, ყველამ, თუ არის ეს სანქცია, მივიღებ ამას, როგორც სანქციას.
[ხომ არ ჩაერთეთ კელი დეგნანის წინააღმდეგ კამპანიაში] მე არ ვის რა განცდები დარჩა, ვინ რა განცხადებებს აკეთებს, მაგრამ, იცით რა არის, სამწუხაროა, როდესაც შენ ილანძღები დაუსაბუთებლად, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ყოველ შემთხვევაში, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მე ამ ეტაპზე მე რაიმე ფორმით სანქციის ქვეშ ვარ.
[რატომ გაუგზავნეთ წერილი რ2?] ჩავთვალე, რომ ყველაზე ნეიტრალური ამ ეტაპზე არხი არის “რუსთავი 2” – ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა. მის შემდეგ, ამერიკაში ტრენინგზე ვერც კიდევ 5 მოსამართლე წავიდა.