ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის დასკვნა

2022 წლის 19 ივლისს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის დასკვნა გამოაქვეყნა. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის წარმატებულად გავლის შემდეგ ხდება გზშ-ს ეტაპზე გადასვა, რომლის დროსაც კომპანია ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოამზადოს, რისთვისაც საჭიროა მთელი რიგი კვლევების წარმოება და საჯარო განხილვისთვის მზადება.
„მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავიდა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. სრულიად მზად ვართ გზშ-ს ეტაპისთვის. მდინარე ბახვისწყლის ხეობა მოგეხსენებათ, ჩვენთვის უცხო არაა. ფართომასშტაბიანი კვლევები ვაწარმოეთ ჯერ კიდევ შარშან, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო პერიმეტრის შესწავლისას. დიდად დაგვეხმარება მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ერთიანი სტანდარტით ვაგრძელებთ მუშაობას. აქაც, ისევე როგორც სხვა პროექტებში მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან დასაქმებული ასევე, ჩართულნი არიან საერთაშორისო დონის ექსპერტები როგორც გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამირების კომპონენტში, ასევე სამშენებლო – ტექნიკურ ნაწილში. ვფიქრობ, დროულად ჩავაბარებთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და შევხვდებით მთისპირის მოსახლეობას საჯარო განხილვაზე“ – განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ხელმძღვანელმა.
ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა 2022 წლის 2 ივნისს და ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2022 წლის 6 ივნისს. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 22 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩატარდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა კი გამოქვეყნდა დღეს, 2022 წლის 19 ივლისს.

გთხოვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/435

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share