შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ირაკლი კობახიძის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება. “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე ძალადობენ როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. მისივე თქმით, ეს ევროინტეგრაციის კუთხით უკანგადადგმული ნაბიჯი იყო.
ნებისმიერ დროს, როდესაც გააკეთებთ ძალიან მტრულ განცხადებებს მედიის წინააღმდეგ, ეს ძალიან სახიფათოა. თქვენ იცით, რომ აქ ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მედია ადამიანების მტერია. ეს ჩემთვის ამაზრზენია. პირადული და შეურაცხმყოფელი თავდასხმები ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, ძალიან ცუდად მეტყველებს იმაზე, ვინც ქვეყანას წარმოადგენს. განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც ადამიანებს ესხმიან თავს და ჟურნალისტები თავიანთი საქმის გაკეთებას ცდილობენ.
ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა კი სწორედ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაა და არა მასზე თავდასხმა. სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ისინი, ვინც ფიზიკურად ან/და სიტყვიერად ძალადობენ მედიის წარმომადგენლებზე. ვფიქრობ, კობახიძის ქცევა ძალიან დიდი ნაბიჯი იყო იმის საწინააღმდეგოდ, რომ ევროკავშირის პირობები განხორციელდე, – ამბობს იან კელი.
ცნობისთვის, გუშინ “მთავარი არხის” ჟურნალისტმა “ოცნების” ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია ” ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ “КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა”. კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა: “ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე… ნუ დაემსგავსე შენს ბელადს”.