2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში სულ 269 მილიონი დოლარის ღირებულების 29 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ამ მაჩვენებლით ავტოექსპორტის სექტორმა პანდემიამდელ შედეგს თითქმის ორჯერ გადააჭარბა. საქართველოს ეკონომიკის შემოსავალი რეექსპორტიდან წინა წელთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი.
საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს აზერბაიჯანი, მეორეს უკრაინა, მეექვსეს კი რუსეთი იკავებს. წელს საქართველოდან რუსეთში $14 მილიონის ღირებულების 1,254 ცალი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. წინა წელთან შედარებით რუსეთში ექსპორტით მიღებული შემოსავალი 72%-ით არის მომატებული.
საქართველოს ავტომობილების ექსპორტის ტოპ ათეული:
1. აზერბაიჯანი – $129 მილიონი, 14,498 ცალი მანქანა, ზრდა 14% , ერთის საშუალო ფასი $8,918
2. უკრაინა – $33 მილიონი, 4,108 ცალი მანქანა, კლება -27% , ერთის საშუალო ფასი $7,946
3. ყაზახეთი – $30 მილიონი, 3,457 ცალი მანქანა, ზრდა 451% , ერთის საშუალო ფასი $8,622
4. ბელგია – $15 მილიონი, 290 ცალი მანქანა, ზრდა 73% , ერთის საშუალო ფასი $51,254
5. სომხეთი – $15 მილიონი, 2,034 ცალი მანქანა, ზრდა 644% , ერთის საშუალო ფასი $7,194
6. რუსეთი – $14 მილიონი, 1,254 ცალი მანქანა, ზრდა 72% , ერთის საშუალო ფასი $11,134
7. ყირგიზეთი – $13 მილიონი, 2,222 ცალი მანქანა, ზრდა 169% , ერთის საშუალო ფასი $5,891
8. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $6 მილიონი, 92 ცალი მანქანა, ზრდა 42% , ერთის საშუალო ფასი $66,620
9. ტაჯიკეთი – $4 მილიონი, 603 ცალი მანქანა, კლება -1% , ერთის საშუალო ფასი $6,458
10. მოლდოვა – $2 მილიონი, 263 ცალი მანქანა, კლება -13% , ერთის საშუალო ფასი $9,332
ქვეყნების მიხედვით, საქართველოს უმთავრესი ბაზარი აზერბაიჯანია, რომელზეც ავტოექსპორტის შემოსავლის ნახევარი – 129 მილიონი მოდის. აზერბაიჯანში წელს საქართველომ 14,498 ცალი მეორადი ავტომობილი გაიტანა ექსპორტზე, თითოეულის საშუალო ფასი კი 8,918 დოლარი იყო. შედარებისთვის გასულ წელს ამ ბაზარზე საშუალო ფასი 6,710 დოლარს შეადგენდა.
საქართველოსთვის რიგით მეორე უმსხვილესი ბაზარია უკრაინა, სადაც $33 მილიონი დოლარის ღირებულების 4,108 ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ომის მიუხედავად, უკრაინულ ბაზარზე ავტოექსპორტი მხოლოდ 27%-ით არის შემცირებული.
მესამე პოზიციას კი ყაზახეთი იკავებს სადაც 30 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე.
საქართველოსთვის ავტომობილების საექსპორტო ქვეყნების ტოპ ათეულში შედის ევროკავშირის წევრი ქვეყანა – ბელგიაც, რომელიც მეოთხე პოზიციას იკავებს, სადაც $15 მილიონის ღირებულების 290 ავტომობილის ექსპორტირება მოხდა. ამ ბაზარზე გატანილი ერთი ავტომობილის საშუალო ფასი 51,254 დოლარი იყო. უცნობია რომელი კომპანია არის დაკავებული საქართველოდან ბელგიაში ავტომობილების ექსპორტით.
რეექსპორტის ყველაზე მაღალი ფასი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფიქსირდა, სადაც საქართველოდან $6 მილიონის 92 ავტომობილი გავიდა, ერთეულის ფასი 66,620 დოლარს შეადგენდა.