იურისტი, პარტია „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერი ლია მუხაშავრია „ქართულ ოცნებას“ ამხელს და დეტალურად შიფრავს, თუ რატომ არ აწყობს ამ ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრება. რატომ ნიშნავს ქვეყნის ევროპული მომავალი, მათ წარსულად ქცევას, ამის შესახებ მუხაშავრია rezoshatakishvili.wordpress.com – თან საუბრობს:
”ჩვენი ქვეყანა მართლაც უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა – ევროკავშირში გაწევრების წინარე ეტაპზე ვართ, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლოების ძალიან დიდი უმრავლესობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამას მოწმობს სტატისტიკა, ეს დაადასტურა 20 ივნისის დემონსტრაციამ. მაგრამ რა ხდება ამ დროს, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთი მხრივ ევროკავშირმა და მეორე მხრივ საქართველოს სახელმწიფომ? ძალიან რბილად რომ ვთქვათ, გვაქვს წარმოუდგენლად ღრმა კრიზისი. საქართველოს პარლამენტი არის სრულიად მიუღებელ უმოქმედობაში. ამ უმოქმედობას თავად დაარქვეს ბოიკოტი. ევროკომისიის მოთხოვნებზე მუშაობის ნაცვლად და ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა გამოაცხადა საზაფხულო არდადეგები და ძალიან დიდი ძალისმხევა დასჭირდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ჯგუფებს რომ პრეზიდენტის მეშვეობით რიგგარეშე საპარლამენტო სესია მოწვეულიყო. პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად პარლამენტი არ შეიკრიბა, ვნახეთ, როგორც ჩაიშალა რიგგარეშე სესია, არც არავინ მივიდა პარლამენტში და არც სხდომათა დარბაზი არ გააღეს. პარლამენტის წევრები არ მიდიან, პარლამენტის თავმჯდომარე არ ასრულებს მასზე უშუალოდ დაკისრებულ მოვალეობას, რასაც მას ავალებს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი.
ყველამ უნდა იცოდეს როგორ იქცევიან ჩვენი პარლამენტარები მაშინ, როდესაც საქართველო დგას ასეთი ისტორიული არჩევანის წინაშე და მის მოქალაქეებს გვეძლევა შანსი გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები და როგორმე ამოვიდეთ არსებული ჭაობიდან.
რატომ არ უნდათ დღეს ხელისუფლებაში მოკალათებულ ადამიანებს საქართველოს გაწევრება ევროკავშირში? იმიტომ რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მათ არავინ აპატიებს ბიუჯეტის ასე უკონტროლოდ და უპასუხისმგებლოდ ხარჯვას. ჩვენ ბიუჯეტის უკონტროლო და უკანონო, სრულიად დაუსაბუთებელი ხარჯვის, ფლანგვის და მითვისების წინააღდეგ, არც საკანონმდებლო და არც სხვა მექანიზმები არ გაგვაჩნია. მაშინაც კი, როდესაც ჟურნალისტებს სააშკარაოზე გამოაქვთ ბიუჯეტის სახსრების ფლანგვისა და მითვისების ფაქტები, ჩვენ ვერ ვახერხებთ რომ პასუხი ვაგებინოთ დამნაშავეებს. ევროკავშირში გაწევრების შემდეგ, ამ სახელმწიფოში, ბიუჯეტის ასე უკონტროლოდ ხარჯვა ვეღარ მოხდება და ეს ძალიან კარგად ესმის მას, ვინც დღეს ბიუჯეტიდან იჯიბავს ფულს. ამ მოტივის გარდა, არსებობს კიდევ ერთი, უკიდურესად მნიშვნელოვანი, მოტივი. ევროკავშირში გაწევრების შემდეგ, ამ ქვეყანაში არჩევნები ვეღარ გაყალბდება და ვეღარ ჩატარდება ისე, როგორც ტარდებოდა. შესაბამისად, ძალიან ბევრი, რომელსაც სიზმარშიც არ მოელანდებოდა რომ პარლამენტში დაჯდებოდა, ან მთავრობაში მაღალ დანამდებობაზე მოკალათდებოდა და დღეს მოკალათებულია, ვეღარასოდეს ვეღარ მოხვდება ვერც პარლამენტში, ვეღარც რაიმე თანამდებობაზე, სწორედ იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდება გაცილებით უფრო სამართლიანად და კანონიერად. ამიტომ, დღეს სავარძლებში მოკალათებულ ბიუროკრატიას, ცხადია არ აწყობთ და არ უნდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – დღეს ისინი მოქმდებენ თავიანთი საკუთარი, პირადი, ოჯახური და კლანური დღის წესრიგით. ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ასე ვერ იქნება და მათ მოუწევთ ან მათზე კანონით დაკისრებული ვალდებულებები განახორციელონ პირნათლად, ან დატოვონ თანამდებობები. და კიდევ, მათთვის კიდევ უფრო უარესი, თანამდებობებზე ვეღარავინ მოხვდება ძმაბიჭობით და ჯიგრული ქართული პონტით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ამიტომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ჩამოთვლილი გზებით აღმოჩნდა სავარძელში, სავარძელი ეკარგება, შემოსავალი ეკარგება და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ამ ადამიანთა ძალიან დიდი უმრავლესობა პროფესიული კვალიფიკაციით და გამოცდილების წყალობით მოკლებულია შესაძლებლობას რაიმე სახელმწიფო თანამდებობაზე მოხვდეს მომავალში, როდესაც ობიექტური შერჩევის გზით იქნება თანამდებობებზე დანიშვნა. არსებული ვითარება რადიკალურად შეიცვლება, როდესაც ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მათთვის ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. ამიტომ სრულიად ახსნადი და გასაგებია ისინი რას რატომ აკეთებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ეს უნდა მივიღოთ, გავიზიაროთ და დავეთანხმოთ. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვინც ვართ ხელისუფლების წყარო, ვინც უნდა ვახდენდეთ პოლიტიკური ნების ფორმირებას, ხოლო პოლიტიკოსები და სახელმწიფო თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან შეასრულონ ჩვენი ნება და ჩვენი დაკვეთები.
ჩვენდა საუბედუროდ, რეალურად ეგ არის მათი მოტივები, მართლა ეგ არის. ამათ მაღალი იდეები და პრინციპები სულ არ აინტერესებთ, რაც მოიპარეს ის უნდათ რომ შერჩეთ და კიდევ მოპარვის შესაძლებლობა დარჩეთ. თორემ კი ვიცით რა დეგენერატები და გოიმებიც არიან, ბიძინას თამადობით. ბიძინას ხომ შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იცხოვროს? მაგრამ იქ ვის აინტერესებს ბიძინა? იქ არავინ არ არის, ეს აქ არის, რაღაცას რომ წარმოადგენს და თავის ჭიას ახარებს. ახლა, რაც შეეხება რუსეთის ორბიტაზე დატოვებას თუ აღმოჩენას. მსოფლიო გადანაწილების აი, ამ აქტიურ ფაზაში, რომელმაც ომიც მოიტანა უკრაინაში, ასბოლუტრურად დასაშვებია რომ ჩვენ გავხდეთ რუსეთის პროვინცია. ცხადია, შეუძლებელია პუტინმა აღადგინოს საბჭოთა კავშირი თავის ძველ საზღვრებში, მაგრამ მისი მცდელობა და ჩვენი ხელისუფლების სისუსტე, ანგარება, არაკვალიფიციურობა და არაპატრიოტული განწყობები აშკარად გვიქადის რომ შესაძლოა რუსეთის პროვინციად ვიქცეთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრება არათუ გაუმჯობესდება, ან ოდნავ გაუარესდება, რადიკალურად გაუარესდება, რადიკალურად შეიცვლება ცუდისკენ და მინდა რომ ეს ყველამ კარგად გააცნობიეროს. ჩვენ აღმოვჩნდებით რუსეთის ვასალის მდგომარეობაში და და კატასტროფულად გაიზრდება უსამართლობის, უკანონობის, თვითნებობისა და კორუფციის დონე. შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ თუ ასე წავა პროცესები, ის თვითონ წავა ამ ქვეყნიდან და სხვაგან მოიწყობს ცხოვრებას, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ვართ ისეთი, ვისაც შეგვიძლია უცხოეთში ძალიან კარგად მოვიწყოთ ცხოვრება, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ გვესმის რომ სამშობლო ჩვენ გვჭირდება და ჩვენ ვჭირდებით სამშობლოს და მე მჯერა რომ ასეთი ადამიანები ბევრი ვართ და ვიღაც ვიგინდარებს არ მივცემთ უფლებას, ჩვენი ცხოვრება შეცვალონ და მნიშვნელოვნად გააუარესონ იმიტომ რომ მათ აქვთ ასეთი ქვენა, ანგარებითი და ჩვენთვის სრულიად მიუღებელი მიზნები და განწყობები.” – აცხადებს მუხაშავრია.