ექსპერტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკმა აკია ბარბაქაძემ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ სანამ საქართველოს დეოკუპაცია არ მოხდება, მანამდე ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეები საერთოდ არ უნდა მიიღოს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ წყალი, დენი, გაზი, ფაქტობრივად რუსეთის ხელშია. მთლიანად ვართ მიბმულები და კიდევ უფრო გვაკერებენ, უფრო გაუწყვეტელი ძაფით მიგვაკერა ჩვენმა ხელისუფლებამ და დღეს ბუნებრივია, რომ ეს ჩამოსული 250 000 კაცუნა თუ ქალუნა, გვიყურებს, როგორც რუსეთის “გრუზიას” და ისინი თავის “გრუზიაში” არიან და ამიტომაც გველაპარაკებიან ასე. ისინი გვეუბნებიან, ჩვენ განგისაზღვრავთ, როგორ უნდა იცხოვროთ, ჩვენ განგისაზღვრავთ, რისი უფლება გაქვთ და რისი არა და ამას ტაშს უკრავს ჩვენი ხელისუფლება, ამას “კრიშავს” ოლიგარქი.
ეროვნული ხელისუფლება რომ გვყავდეს, თუ არის ოკუპანტი ქვეყანა, იმას უნდა მოექცე როგორც ოკუპანტს. მტერს უნდა ერქვას მტერი. მტერთან თამაში, ცინდრიკი, ერთი ადგილის გაქანება არ შეიძლება. იმასთან უნდა გქონდეს მტრული დამოკიდებულება.
სანამ საქართველოს დეოკუპაცია არ მოხდება, ის არც უნდა მიიღო, არც უნდა დაასაქმო აქ, არც არაფერი არ უნდა იყიდო იმისგან. საერთოდ არ უნდა შემოუშვა, რა სავიზო რეჟიმი?! საერთოდ არავინ არ უნდა შემოუშვა რუსეთიდან. მე ვერავის ვერ ვენდობი, ვერც ვითომ პუტინის ოპონენტს. იმ ოპონენტებმაც თავის ქვეყანაში მიხედონ თუ ეგეთი მაგრები არიან, კი არ უნდა გამოიქცნენ, არც მე მომწონს ეს ხელისუფლება, მაგრამ არ გავრბივარ. ესეც რუსული ხელისუფლებაა და ესენიც რუსული საცეცები არიან – ყველა გავიქცეთ აქედან? და ვის დავუტოვით ეს ქვეყანა, რუსებს?“ – განაცხადა ექსპერტმა.