საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ცენტრ “ემპათიას” ექსპერტები მოინახულებენ. მორიგი კონსილიუმი კლინიკა “ვივამედში” რამდენიმე საათში ჩატარდება.
მედიკოსები კიდევ ერთხელ განიხილავენ მესამე პრეზიდენტისთვის გარკვეული გამოკვლევების ჩატარების საკითხს, რის შემდეგაც დასკვნის საბოლო ნაწილს მოამზადებენ.
“კლინიკა “ვივამედში” იგეგმება განმეორებითი კვლევები დინამიკასთან დაკავშირებით. ვინაიდან ცენტრ “ემპათიას” თავისი კრიტერიუმები გააჩნია თავის ტვინის MRT კვლევასთან დაკავშირებით, ამაზე უნდა მოხდეს შეჯერება. ასევე, განმეორებითი ვიზიტი განხორციელდება ჩვენი ექსპერტების მხრიდან”, – აღნიშნა “ემპათიას” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.
კლინიკაში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა ასევე კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ:
“ახლა იწერება დიაგნოზები და შედეგების ანალიზი მიდის. ასევე, გამომწვევ მიზეზებზე მიდის მსჯელობა. მოვინახულებთ მას იმისათვის, რომ უკვე ფინალური დასკვნა დაიწეროს ობიექტური შეფასებებით”, – თქვა ოთარ თოიძემ.
პარალელურად, ექსპერტები და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების პროცესში ამერიკელი და შვეიცარიელი ექიმების ჩართვის მოლოდინში არიან.