ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის ცნობით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციამ Twitter-ზე გაავრცელა.
“რუსეთი უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს. ცნობები, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ენერგორადიდან ვიღებთ, ქალაქიდან რომელიც ატომურ ელექტროსადგურთან მდებარეობს, მეტყველებს იმაზე, თუ რა საშინელ გავლენას ახდენს რუსეთის მილიტარიზაცია მშვიდობიან მოსახლეობაზე”. – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადება გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მიერ ატომურ ელექტროსადგურთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ტერიტორიის დემილიტარიზაციისკენ მოწოდებას მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში Amnesty International-მა უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ტერიტორიაზე ჯარისკაცების განლაგებაში დაადანაშაულა, რითიც, მათი თქმით, სამხედროები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდნენ. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა კი ანგარიში, რომელიც 5 აგვისტოს გამოქვეყნდა დეზინფორმაციად და პროპაგანდად შეაფასეს.